ვიღაცას აქვს სურვილი, პრეზიდენტის ინსტიტუტი წარმოაჩინოს როგორც დევნილი, ჩაგრული - მსხვერპლის როლში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.
სარჯველაძის შეფასებით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება პრეზიდენტის სტრასბურგში გამგზავრების საკითხზე მთავრობის წინააღმდეგ ბრალდებების წაყენება.
„თვალს ვადევნებთ მცდელობას, რომ ვინმე მსხვერპლისა და ჩაგრულის მანტიით შეიმოსოს - ცალმხრივად გავრცელებული ფაქტები სენსაციური აღმოჩნდება ხოლმე და შემდეგ კი აღმოჩნდება, რომ „ფეიკია“. ითქვა, რომ თითქოს ნებართვა არ იყოს გაცემული. შემდეგ კი მთავრობამ განაცხადა, რომ ნებართვა გაცემული იყო. ფაქტია, რომ ცვლილებების მიზეზი ნებართვის გაუცემლობა არ იყო. საქართველოში არავის აქვს შეზღუდული საქმიანობისა და აზრის გამოხატვის შესაძლებლობა“, - განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ სარჯველაძემ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტრასბურგში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა მთავრობისგან თანხმობის ხელოვნურად გაჭიანურების გამო გადაიდო. მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით კი, ინფორმაცია რომ ხელოვნურად გააჭიანურეს თანხმობის მიცემის პროცესი, სინამდვილეს არ შეესაბამება. მათივე ცნობით, ბოლო, დაზუსტებული წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მთავრობის ადმინისტრაციაში 12 აპრილს შევიდა და მეორე დღესვე, 13 აპრილს მას გაეგზავნა წერილობითი თანხმობა 17-19 აპრილს საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტრასბურგში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით.