სალომე ზურაბიშვილმა უნდა აღიაროს, რომ რასაც ის ევროპულ კურსზე საუბრობს ფარსია ან პირდაპირ უნდა თქვას, რომ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებებს აჟღერებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
როგორც გიორგი ბოტკოველმა აღნიშნა, პრეზიდენტის ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებების ფონზე, არ უნდა ველოდოთ, რომ ის მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა გვარამიას შეიწყალებს.
„პრეზიდენტისგან, რომლის განცხადებებიც მუდმივად ურთიერთსაწინააღმდეგოა, როგორ შეიძლება ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით ლოგიკური მოლოდინი გვქონდეს? თითქოს პრეზიდენტს ქვეყანაში პოლარიზაციის განმუხტვა ან ქვეყნის ევროპულ კურსზე გადაყვანა უნდა, თუმცა უნდა აღიაროს, რომ ეს განცხადებები მისი მხრიდან ფარსია. სხვა შემთხვევაში, პირდაპირ უნდა თქვას, რომ ყველა გადაწყვეტილებას იღებს ივანიშვილი და შემდგომ ზურაბიშვილი მის გადაწყვეტილებებს აჟღერებს.
რაც შეეხება ევროპარლამენტში ჩაშლილ ვიზიტს, სალომე ზურაბიშვილმა უნდა განმარტოს, ეს ვიზიტი თავად დაგეგმა და შემდგომ გააუქმა, თუ გაუუქმა იმ ხელისუფლებამ, რომლის ინტერესებსაც პრეზიდენტი წლების განმავლობაში ატარებდა. ნაკლებად მგონია, რომ გადაწყვეტილებას, თუ რომელ ვიზიტში უნდა მიიღოს მონაწილეობა და რომელში არა, სალომე ზურაბიშვილი თავად იღებდეს,“ - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
გარდა ამისა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებითაც ისაუბრა, შალვა პაპუაშვილის მიერ ვენეციის კომისიის პრეზიდენტისთვის გაგზავნილი წერილი შეაფასა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსულ ინტერესს ატარებს, ამიტომ მათგან რეალური ცვლილებები ნაკლებად მოსალოდნელია.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან, რომელიც თავიდან ბოლომდე რუსულ ინტერესებს ატარებს და პირიქით, ოლიგარქიული მმართველობა მათთვის სასარგებლოა, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ რეალური ცვლილებები განახორციელოს.
რაც შეეხება ვენეციის კომისიისთვის მიმართვას, რომ აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით დასკვნის გამოგზავნა დააჩქარონ, ერთი რამ ნათელია, რომ მათი კანონპროექტი პირდაპირ მორგებულია ამ ქვეყანაში არა დეოლიგარქიზაციაზე, არამედ ოლიგარქიის დამკვიდრებაზე“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორის წერილი გაუგზავნა და სთხოვა, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიას მოსაზრება დაჩქარებულად მოამზადოს.