ჩვენ გვინდა დემოკრატიული საზოგადოება, სადაც ყველა ადამიანს აქვს უფლება, თავად მიიღოს გადაწყვეტილება, რომელ პოლიტიკურ პარტიაში ან მოქალაქეთა გაერთიანებაში გაწევრიანდება და შესაბამისად, ნიკა მელიასაც შეუძლია გააკეთოს პარტია, ეს მისი უფლებაა, ამას ვერავინ დაუშლის, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა ნიკა მელიას მიერ ახალი ოფისის გახსნას.
ამასთან, მისივე თქმით, თავდასხმა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მისი მაღალი ლეგიტიმაციის მქონე თავმჯდომარეზე აძლიერებს ხელისუფლების პროპაგანდას და ზიანს აყენებს ეროვნული ამოცანის შესრულებას.
„სამწუხაროდ, ნიკა მელიას დაჯგუფება ვერ გამოვიდა შიდა არჩევნების მოდუსიდან, თუმცა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს პირდაპირი წესით არჩეული თავმჯდომარე, რომელსაც აქვს მაღალი ლეგიტიმაცია და თავდასხმა პარტიაზე, თავდასხმა თავმჯდომარეზე, რა თქმა უნდა, აძლიერებს რუსული მთავრობის პროპაგანდას ჩვენ წინააღმდეგ, რაც ხელისშემშლელია ეროვნული ამოცანის შესრულების თვალსაზრისით. „ნაციონალური მოძრაობის ოფისები ყველა მხარდამჭერმა, გულშემატკივარმა კარგად იცის სად არის, ვისაც უნდა საქმის კეთება, შეუძლია მოვიდეს, ყველასთვის ღიაა ეს ოფისები“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.
ცნობისთვის, ნიკა მელიას მიერ ახალი ოფისის გახსნასთან დაკავშირებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განცხადება გაავრცელა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ „გაუგონარია თუ რას ემსახურება პოლიტიკური ოფისის არსებობა, სადაც შეკრებილები თავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებად ასაღებენ და ამავდროულად ესხმიან მას“.