პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნიკა მელიას ახალგაზრდა მხარდამჭერებისთვის პარტიაში ადგილი არ დარჩა, აბსოლუტური ტყუილია.
როგორც ბოტკოველმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, თუ ვინმესთვის მიუღებელია ის ბრძოლა, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობაა“ ჩართული, „გზა ფართოა და შეუძლია ნებისმიერ სხვა პარტიაში წავიდეს“.
„აბსოლუტური სიცრუეა ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ვინმე ვინმეს არ უშვებს. არჩევნების შემდეგ, რომელშიც ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა, არავის არავისთვის უთქვამს, რომ ოფისი და პარტია უნდა დაეტოვებინათ, თუმცა ზოგიერთმა ადამიანმა ყუთების ჩალაგება მაინც დაიწყო. ამ პარტიაში პროვოკაციების მოწყობა არავის ეპატიება. ის მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდის შექმნილია და მისი არევის საშუალება არავის მიეცემა. ის რომ მელიას ახალგაზრდა მხარდამჭერებისთვის ადგილი არ დარჩა, აბსოლუტური ტყუილია. ცენტრალური ოფისი ძალიან დიდია და ყველას შეუძლია იქ იყოს. ცალკე ოფისის გახსნით პარტიის დაზიანება საჭირო არ არის. მიუხედავად ამისა, თუ ვინმესთვის მიუღებელია ის ბრძოლა, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობაა“ ჩართული, გზა ფართოა და შეუძლია ნებისმიერ სხვა პარტიაში წავიდეს“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.