იმედია, სტრასბურგში ვიზიტი შედგება და მის განხორციელებამდე პრეზიდენტი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, რომელიც მისცემს შესაძლებლობას, რომ ევროპარლამენტს მიმართოს ისტორიული სიტყვით, რომელიც შეიძლება გარდამტეხი აღმოჩნდეს კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე,- ამის შესახებ „ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც პრეზიდენტის მიერ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის გადადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს, მაგრამ ელოდება შესაბამის ნაბიჯებს, მათ შორის, პრეზიდენტისგან და ამის თაობაზე ნათლად ჩანს მიღებულ რეზოლუციებში.
„დღეს შეიძლებოდა ძალიან მნიშვნელოვანი დღე ყოფილიყო ჩვენი ქვეყნისთვის. 2010 წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს არ მიუმართავს ევროპარლამენტის პლენარული სხდომისთვის. დღეს, როცა ევროკავშირი ემზადება ისტორიული გადაწყვეტილების მისაღებად ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის გამოსვლა იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს ევროპარლამენტის პოზიცია, მათ მიღებული აქვთ არაერთხელ რეზოლუცია: გვარამიას დაკავების შემდეგ - მედიის მხარდამჭერი, ასევე სხვადასხვა შეფასებები, სადაც ნათელია, რომ ევროპარლამენტი მხარს უჭერს ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს, მაგრამ ელოდება შესაბამის ნაბიჯებს, მე ვფიქრობ, მათ შორის, პრეზიდენტისგან. მე არ ვიცი პრეზიდენტმა რატომ მიიღო გადაწყვეტილება გაეუქმებინა ეს ვიზიტი თუ გადაედო, მაგრამ შემიძლია გამოვთქვა მხოლოდ იმედი, რომ ეს ვიზიტი არის გადადებული და არა გაუქმებული, რომ ეს ვიზიტი შედგება და მის განხორციელებამდე პრეზიდენტი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, რომელიც მისცემს მას შესაძლებლობას, რომ ევროპარლამენტს მიმართოს ისტორიულო სიტყვით, რომელიც შეიძლება გარდამტეხი აღმოჩნდეს კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე,"- განაცხადა სამადაშვილმა.
ინფორმაციისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტრასბურგში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა მთავრობისგან თანხმობის ხელოვნურად გაჭიანურების გამო გადაიდო. მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით კი, ინფორმაცია რომ ხელოვნურად გააჭიანურეს თანხმობის მიცემის პროცესი, სინამდვილეს არ შეესაბამება. მათივე ცნობით, ბოლო, დაზუსტებული წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მთავრობის ადმინისტრაციაში შევიდა 12 აპრილს და მეორე დღესვე, 13 აპრილს მას გაეგზავნა წერილობითი თანხმობა 17-19 აპრილს საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტრასბურგში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით.