ლაშა ფარულავა - ნიკა მელიას მხარდამჭერები ცდილობენ სეპარატისტული მოძრაობები გააღვივონ და დე-ფაქტო ოფისები გახსნან

ნიკა მელიას მხარდამჭერები ცდილობენ სეპარატისტული მოძრაობები გააღვივონ და დე - ფაქტო ოფისები გახსნან, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლაშა ფარულავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

აღნიშნულით ის, ნიკა მელიასა და მისი თანამოაზრეების მიერ ახალი ოფისის გახსნას გამოეხმაურა. როგორც ფარულავა განმარტავს, ნიკა მელია პარტიის მუშაობაში უნდა ჩაერთოს, ვინაიდან, როცა მას გვერდში დგომა სჭირდებოდა, დანარჩენი ნაწილი მელიას ეხმარებოდა.

„სამწუხაროდ, ნიკა მელიას დაჯგუფება ვერ გამოვიდა შიდა პარტიული არჩევნების მოდუსიდან. პარტიის თავმჯდომარეზე, პარტიის მმართველ ორგანოებზე თავდასხმა რა თქმა უნდა, „რუსული ოცნების“ პროპაგანდას აძლიერებს ჩვენს წინააღმდეგ, რაც ეროვნული ამოცანების გადაწყვეტაში ხელის შემშლელია. თუმცა, ჩვენ ღია და გამჭვირვალე ვართ. ჩვენ ვთავაზობთ, რომ 62 მუნიციპალიტეტში შიდა არჩევნები პირდაპირი წესით ჩატარდეს, რომელშიც ჩვენი პარტიის ყველა გულშემატკივარს შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს. ახლა არის საუბარი მოკლე პოლიტსაბჭოზე, სულ 40 ადამიანზე და პოლიტსაბჭოს 62 მანდატი არჩევნებზე დევს.

ნიკა მელიამ განაცხადა, როცა გინდათ, სადაც გინდათ, ვისაც გინდათ, არჩევნებზე მოდითო. ჩვენ "მივედით, ვნახეთ, გავიმარჯვეთ". ახლა მისი მხარდამჭერები ცდილობენ სეპარატისტული მოძრაობები გააღვივონ და დე - ფაქტო ოფისები გახსნან. რა თქმა უნდა, ეს პარტიული დღის წესრიგისგან მიღმაა და ამას ჩვენ განცხადებით გამოვეხმაურეთ“, - განაცხადა ფარულავამ.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, ნიკა მელია და მისი თანამოაზრეები პარტიიდან გარიცხონ, ფარულავა პასუხობს, რომ ეს „გამორიცხულია“.

„არა, გამორიცხულია. მე, როგორც პოლიტიკური საბჭოს წევრი, წინააღმდეგი ვარ, გავრიცხო ნებისმიერი ჩემი თანამებრძოლი, ან ყოფილი თანამებრძოლი პარტიიდან. თუმცა, უნდა დაემორჩილონ წესებს, ჩვენ ვიდექით ნიკა მელიას გვერდით, როცა საჭირო იყო და სადაც საჭირო იყო, ყველა ბრძოლაში მივყვებოდით მას. ახლა მას საშუალება აქვს მოვიდეს, პარტიის მუშაობაში ჩაერთოს. როცა მოქალაქეს დემოკრატიული პოლიტიკური საზოგადოება სჭირდება, ჩვენ გამოსავალს ვთავაზობთ, ეს არის პირდაპირი წესით არჩევნები, რაც გადაწყვეტს, ვინ უნდა იყოს მუნიციპალიტეტში თავმჯდომარეები, 42 ოფისი გავხსენით, სწორედ იმიტომ, რომ შიდა არჩევნები გამჭვირვალედ ჩატარდეს. მოდით ბატონებო, თუ ელექტორალური მხარდაჭერა გაქვთ, იბრძოლეთ, თუ თქვენ ბრძოლა არ გინდათ და სეპარატისტული ოფისების გახსნა გინდათ, იქიდან თავმჯდომარეზე თავდასხმა, რომელსაც მაღალი ლეგიტიმაცია აქვს, ეს მიუღებელი და არასწორია, ამით მხოლოდ სახელისუფლებო პროპაგანდა ძლიერდება“, - განაცხადა ფარულავამ.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.10.2024
გიორგი ანთაძე - აქამდე არასოდეს დამდგარა საქართველოს სტრატეგიული პროდასავლური კურსის გადახედვის საკითხი, ისევ დადგა ხანგრძლივი ერთპარტიული მმართველობის დამყარების საფრთხე
კახა ოქრიაშვილი - ზუსტად ვიცი, რომ დმანისში თავისუფალი, ამაყი ხალხი ცხოვრობს, რომელსაც ვერავინ დაიმონებს!