პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებას, სასამართლო სისტემის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს კენჭი დღეს არ ეყაროს, ხათუნა სამნიძესა და შალვა პაპუაშვილს შორის კამათი მოჰყვა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, სასამართლო სისტემის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს კენჭი დღეს არ ეყაროს, კამათი მოჰყვა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, მისთვის გასაგებია, რომ ოპოზიცია თავის დღის წესრიგს იმაზე აგებს, თუ რა განცხადებები გაკეთდება სხვა ქვეყანაში, თუმცა პარლამენტი საკუთარი დღის წესრიგით მოქმედებს.

„ჩვენი პარლამენტის მუშაობა არ ტრიალებს მხოლოდ თქვენ დღის წესრიგზე. გასაგებია, რომ თქვენი ინიციატივები დაკავშირებულია უცხო ქვეყნის საჯარო ინსტიტუტები რა განცხადებებს აკეთებენ. თქვენ პირადად ეს ინიციატივა დაყენებული გქონდათ დეკემბერში, „ნაციონალურ მოძრაობას“ შარშან ივნისში და ამ პერიოდში არც ერთხელ არ გამოგიტანიათ. საკითხის აქტუალობა და განსაკუთრებული მობილიზება გამოიწვია იმან, რომ სხვა ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა განცხადება და ამით აწყობთ თქვენ პოლიტიკურ დღის წესრიგს. ეს გასაგებია, მაგრამ მე ვამბობ, რომ ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს. ამ კვირის დღის წესრიგში არის თქვენი საკითხი ჩასმული და აუცილებლად გამოვა ეს საკითხი“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ოპოზიციონერ ხათუნა სამნიძის განცხადებით, ეს არ არის მხოლოდ ოპოზიციის დღის წესრიგი, განსაკუთრებით იმ მძიმე გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ მიიღო.

„მესმის, რომ თქვენ განიხილავთ როგორც ჩვენი დღის წესრიგის ირგვლივ არსებულ დისკუსიას, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს ოპოზიციის საკითხია მხოლოდ, განსაკუთრებით იმ მძიმე გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც ეხებოდა სამი მოსამართლისა და ერთი ყოფილი მოსამართლის სანქცირებას. ამის პასუხად, ვფიქრობ, რომ საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისიის შექმნა არ არის მხოლოდ ოპოზიციის დღის წესრიგი. ვფიქრობ, რომ ყველას ინტერესშია პასუხი გავცეთ ამ მძიმე გადაწყვეტილებას და ჩვენ თავად შევისწავლოთ არსებული პრობლემები და გამოწვევები და სხვა ტიპის მძიმე საკითხები, რომლებიც ეხება სასამართლო სისტემას“, - განაცხადა სამნიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციას მოუწოდა, მობილიზდეს, გამოიჩინოს სერიოზულობა და შემდეგ დღეებშიც გამოცხადდეს სხდომებზე.

„ემოციებისა და ნერვების აშლის ნაცვლად, სჯობს მეტად ორგანიზებული და ჩამოყალიბებული იყოთ ოპოზიცია. ნუ ბრაზდებით. თქვენზე გაბრაზდით, საკუთარ თავზე“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

საპასუხოდ სამნიძემ აღნიშნა, რომ ახლა ის ვითარება არ არის ქვეყანაში, როდესაც ოპოზიციას გამოცდა უნდა მოუწყონ.

„თქვენ ერთპიროვნულად წყვეტთ, რომ გამოცდა ჩაგვიტაროთ ოპოზიციას. ქვეყანა ახლა ისეთ მდგომარეობაშია, რომ ოპოზიციას გამოცდა ჩაგვიტაროთ?! ეს პოლიტიკური განაცხადია, ბატონო შალვა“,- განაცხადა სამნიძემ.

შეგახსენებთ, რომ სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონის საწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს პარლამენტში ოპოზიცია აყენებს.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა