ანა ნაცვლიშვილი უმრავლესობას - აღმოჩნდა, რომ სწორედ სანქციებია ის, რაც ძალიან გაშინებთ - თურმე, არ ჰქონია ჩალის ფასი დასავლეთის პოზიციას, ძალიანაც რკინის ფასი ჰქონია და ძალიანაც შეგაშინათ ამ ყველაფერმა

აღმოჩნდა, რომ სწორედ სანქციებია ის, რაც ძალიან გაშინებთ. თურმე, არ ჰქონია ჩალის ფასი დასავლეთის პოზიციას. ძალიანაც რკინის ფასი ჰქონია და ძალიანაც შეგაშინათ ამ ყველაფერმა, - ამ სიტყვებით „ლელოს“ წევრმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მიმართა.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებას არც მეხსიერება და არც სინდისი შერჩა.

„ძალიან მრავლისმთქმელია, რომ ხელისუფლება ერთი კვირაა, მთელი თავისი რესურსით სასამართლო „კლანსაა“ გადაფარებული. არც დასვენების დღე არსებობს, არც აღდგომა, ტროლები და ბოტები გაორმაგებული ენერგიით იცავენ ვის? - გირგვლიანის მოსამართლეს. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ის საქმეა, რომელ საქმეზე დაყრდნობითაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოხვედით. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ის თემაა, რომლის გამოსწორებისთვისაც მიიღეთ ქართველი ხალხის მანდატი - სამართლიანი სასამართლოს შექმნა და ამ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა. 11 წლის შემდეგ, იმ ხალხს, ვისი უსამართლობის გამოც ხელისუფლებაში მოხვედით და ვისი სახლში გაშვებისთვისაც მოგენიჭათ მანდატი, მათ ხართ გადაფარებული და მათ იცავთ საკუთარი პოლიტიკური სხეულით. მეხსიერებაც კარგი საქონელია და სინდისიც, მაგრამ როგორც ჩანს, არც ერთი შეგრჩათ და არც მეორე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი დოკუმენტირდება და ფიქსირდება, სადამდე მიხვედით და როგორ გაირყვნა თქვენი ხელისუფლება. სწორედ ის დაპირებები, რომელიც მიეცით საქართველოს მოქალაქეებს, როგორ გაანიავეთ და როგორ უდიერად მოექეცით საზოგადოების ნდობას“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისივე განმარტებით, საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას, რათა „გაიშიფროს თუ რომელი პოლიტიკოსები მფარველობენ სასამართლოში კლანს“.

„აღმოჩნდა, რომ სწორედ სანქციებია ის, რაც ძალიან გაშინებთ. თურმე, არ ჰქონია ჩალის ფასი დასავლეთის პოზიციას, ძალიანაც რკინის ფასი ჰქონია და ძალიანაც შეგაშინათ ამ ყველაფერმა. მინდა ჩემს გამოსვლაში შევეხმიანო რამდენიმე ძალიან გამბედავ, ღირსეულ, კვალიფიციურ, პატიოსან მოსამართლეს სასამართლო სისტემაში, რომელიც მიუხედავად უზარმაზარი წნეხისა და სიბინძურისა, ამ წლების განმავლობაში ახერხებდა მართლმსაჯულების გუშაგად დარჩენილიყო - მადლობა მათ. ეს სანქციები პირველ რიგში, მათი გამხნევების და გაძლიერების ღონისძიებაა, შავი და თეთრი ერთმანეთისგან უნდა გაირჩეს და გაირჩევა. რა თქმა უნდა, გაირჩევა იმ საგამოძიებო კომისიითაც, რომლის შექმნა თქვენ ასე ძალიან გაშინებთ. თუ სასამართლო სისტემაში ყველაფერი წესრიგშია, თუ ყველა ის ტალღა, რომელსაც თქვენ ამ წლების განმავლობაში ფურცელზე ატარებდით, კარგია, პოზიტიურია და სასამართლოში დასამალი არაფერია, თუ სასამართლო კლანურად და კრიმინალურად არ იმართება, მაშინ რატომ გაშინებთ კომისია და რატომ გაშინებთ ამ საკითხის საჯაროდ, სახალხო სამსჯავროზე გამოტანა? ვინ, თუ არა, თქვენ, ყველაზე კარგად იცით ის კრიმინალური მეთოდები, რომლითაც დღეს სასამართლო იმართება. სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ყველა საკითხზე საუბარი იქნება ფუჭი, თუ ამ ქვეყანას არ ეღირსა დამოუკიდებელი, სამართლიანი და ეფექტიანი სასამართლო, რომელიც ყველა სიტუაციაში დაიცავს მოქალაქის უფლებებს, იმის მიუხედავად, ვინ იქნება მეორე მხარეს. ეს კომისია უნდა შეიქმნას, დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, ყველა კრიმინალური სქემა ამოვა და გაიშიფრება, მათ შორის, გაიშიფრება, რომელი პოლიტიკოსები მფარველობდით და მფარველობთ სასამართლოში „კლანს“. ამის საჯაროდ თქმა და დოკუმენტირება აუცილებელია, რათა, როცა ხელისუფლება შეიცვლება, ახალმა ხელისუფლებამ ვეღარ გაბედოს „კლანთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი