საგამოძიებო კომისიის შექმნა ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლებს სურთ არა სამართლიანი გადაწყვეტილების მისაღებად, არამედ პოლიტიკური მიზნებისთვის. შესაბამისად, ეს იქნება პოლიტიკური კომისია, რომელსაც არაფერი ექნება საერთო არც ობიექტურობასთან და არც სამართლიანობასთან,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონის საწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას ობიექტური მიზნები რომ ამოძრავებდეს, "რუსთავის 2"-ის საკითხთან დაკავშირებით შექმნიდა საგამოძიებო კომისიას, რომელთან დაკავშირებითაც ოხანაშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ მიზანმიმართულად ხორციელდებოდა მოსამართლის გადაწყვეტილებაზე უარყოფითი გავლენის მოხდენა.
„ჩვენ ჩავთვლიდით, რომ თქვენ გაქვთ ობიექტური მიდგომა, თუკი დააყენებდით საკითხს "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე. "რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ხორციელდებოდა მიზანმიმართულად მოსამართლის გადაწყვეტილებაზე უარყოფითი გავლენის მოხდენა და სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის შელახვა. თუ თქვენი ინტერესია სასამართლოსთან დაკავშირებით გარკვეული საკითხების გარკვევა, რატომ არ შექმენით საგამოძიებო კომისია ამ საკითხზე. იმიტომ, რომ თქვენ არ გაქვთ ობიექტური ინტერესი და თქვენი ერთადერთი ინტერესია რევანშისტული ინტერესი, სუვერენიტეტის შელახვა და სასამართლოს დამოუკიდებლობის შელახვა. კოლეგებო, თქვენ ამით გსურთ გადაფაროთ სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, სადაც ყველა ძირითად პოლიტიკურ საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც თქვენ ამბობდით, რომ იყო მიკერძოებული, პოლიტიზირებული, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ქართულმა მართლმსაჯულებ ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. ამიტომ, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, თქვენ არ ხართ ობიექტური, თქვენი ერთადერთ მიზანია სუვერენიტეტისა და სასამართლოს ავტორიტეტის შელახვა, რის უფლებასაც არ მოგცემთ“,- განაცხადა ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონის საწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დღეს კენჭისყრაზე არ დადგება.