რუსული ოკუპაციის ქვეშ მყოფი ქვეყნისთვის, თავდაცვის კოდექსის მიღებას ისეთი მნიშვნელოვანი შედეგები ექნება როგორიცაა: ჩვენი ჯარის საბრძოლო მზადყოფნის გაუმჯობესება და ნატო-სთან თავსებადობის გაზრდა, ტოტალური თავდაცვის და ეროვნული წინააღმდეგობის სისტემის სრულფასოვანი დანერგვა, გაზრდილი საერთაშორისო მხარდაჭერა, საკანონმდებლო დონეზე გამყარებული სოციალური გარანტიები და რაც მთავარია, თავდაცვის ძალების პოპულარობის, მიმზიდველობის ზრდა, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის შეფასებისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, კონსტიტუციით, საქართველოს დაცვა ყოველი მოქალაქის ვალია, შესაბამისად, სახელმწიფო სრულ პასუხისმგებლობას იღებს, რომ მოქალაქეები ამ ვალდებულების შესრულებისთვის სათანადოდ მოამზადოს.
„კოდექსით ხორციელდება სამხედრო სამსახურის ფუნდამენტური გადააზრება და ძირეული რეფორმა ნატო-ს წევრი სახელმწიფოების საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. წვევამდელთა ეროვნული სამსახურის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, უპრეცედენტოდ მოქნილი პირობებით. ახალი სისტემით, ჯარში გაწვეული თითოეული ახალგაზრდა გაივლის ნატო-ს სტანდარტის საბრძოლო მომზადებას, იცხოვრებს თანამედროვე ყაზარმებში, უზრუნველყოფილი იქნება ნატო-ს სტანდარტის შეიარაღებით და აღჭურვილობით, საუკეთესო კვებით, არსებითად გაზრდილი ანაზღაურებით. დიახ, არსებითად გაზრდილი ანაზღაურებით, უპრეცედენტო სოციალური გარანტიებით, დაზღვევით და უმაღლესი განათლების თანადაფინანსებით. ქართულ ჯარში ახალგაზრდები შეიძენენ საუკეთესო გამოცდილებას და უნარებს, რასაც ვერ შეიძენენ ვერსად სხვაგან, რომელიც გამოადგებათ მთელი ცხოვრების მანძილზე მიუხედავად იმისა თუ რა კარიერას აირჩევენ მომავალში. ეს იქნება მათ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და დასამახსოვრებელი პერიოდი“, - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.
კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, სამწუხაროა, რომ ამ მნიშვნელოვანი რეფორმის პარალელურად, რიგი პოლიტიკოსები კოდექსის დისკრედიტაციის კამპანიას აქტიურად აწარმოებენ და ჯარისკაცების მიერ სამშობლოს დაცვას „მონობასთან“ აიგივებენ.
„სამშობლოს დაცვისთვის თავის არიდების წახალისება არის მავნებლური საქმიანობა, რაც პირდაპირ ემსახურება მტრის ინტერესებს, რომელსაც ბრძოლისუნარიანი და წინააღმდეგობის გამწევი საქართველო არ სურს იხილოს. ეს ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, თავდაცვითი შესაძლებლობების დასუსტებას, ხოლო და მეორე მხრივ, სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის ხარჯზე რამდენიმე სუბიექტის გამდიდრების არხების შენარჩუნებას.
გეცვას უნიფორმა და იცავდე სამშობლოს-ყველაზე ღირსეული, საპატიო და დასაფასებელი საქმიანობაა! ნატო-ელი პარტნიორების შეფასებით, ქართული ჯარი დღეს არის სამაგალითო და ერთ-ერთი საუკეთესო მთელ მსოფლიოში. ჩვენი თავდაცვის პოლიტიკის ღერძი არის სწორედ ჯარისკაცი, სამხედრო მოსამსახურე, მისი დაფასება, მასზე ზრუნვა და მისთვის სამსახურის და ცხოვრების ღირსეული პირობების უზრუნველყოფა“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.