„რუსული ოცნების“ მხრიდან ყველა ბერკეტის, მათ შორის პროცედურული ხრიკების გამოყენება, რათა სასამართლო სისტემაში კორუფციას დააფაროს ხელი და ხელი შეუშალოს საგამოძიებო კომისიის შექმნას, კიდევ ერთხელ ამხელს ამ ხელისუფლებს, რომ რეალურად, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქცირებული მოსამართლეებისთვის ხელის დაფარება მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება ხდება.
„სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ “ქართული ოცნების” მხრიდან ხდება გადადება და პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება ყველა ფორმით. მათ შორის საპარლამენტო ბერკეტებით ხელს აფარებენ სასამართლო სისტემაში არსებულ კლანს. ეს არის ბიძინა ივანიშვილის უმთავრესი საყრდენი. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კომისია შეიქმნას და სააშკარაოზე გამოვიდეს კორუფცია, რომელიც გამეფებულია სასამართლო ხელისუფლებაში”,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
კითხვაზე, შეძლებს თუ არა ოპოზიცია ხმებისთვის საჭირო რაოდენობის დეპუტატების მობილიზებას, კენჭისყრის ხვალ გამართვის შემთხვევაში, ბოკუჩავა პასუხობს: “რა თქმა უნდა”.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას, ბოკუჩავა ამბობს, რომ “ამ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ოპოზიციამ უნდა შეძლოს, ვიწროპარტიულ ინტერესებს გადააბიჯოს”.
“მაქსიმალურად კოლეგიალური დამოკიდებულებით გავაგრძელებთ კონსულტაციებს სხვა ოპოზიციონერ პარტიებთან”,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ბოკუჩავა არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ აღნიშნული კომისიის მუშაობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას არ დაეხმარება და ამბობს, რომ „კანონმდებლებმა თავიანთი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და საზოგადოებას სიმართლე აჩვენონ”.
„ვწუხვარ, როდესაც სხვადასხვა ოპოზიციონერი დეპუტატი არ ტოვებენ საკუთარ პარტიულ მანტიას
და ვერ მიდიან პარტიული ინტერესის მიღმა მაშინ, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები დგება დღის წესრიგში. ახლა თუ რაიმე ამოცანა უნდა ჰქონდეს ოპოზიციას, ეს არის კონსოლიდაცია. კონსოლიდაციის არარსებობის პირობებში ხელი ეძლევა მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმს”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.