შევქმნათ საგამოძიებო კომისია, რომელიც მიმართული იქნება საქართველოში „ქოლ-ცენტრების“ საქმის გამოძიების ხელშეწყობისკენ, რის შედეგადაც გამოვლინდება ამ დანაშაულში მონაწილე და მათი მფარველები - ჩვენ დავიწყებთ კომისიის მომზადების პროცესს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მან „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ კომისიის შექმნის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„სამწუხაროდ, ხელისუფლების ქმედებებთან ერთად, სახელისუფლებო ორგანოების უმოქმედობაც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ქვეყნის რეპუტაციას და პარტნიორებთან ურთიერთობას. სწორედ ხელისუფლების ქმედებების შედეგია, რომ აშშ-მ დაასანქცირა კორუფციაში მხილებული კლანის წევრები სასამართლოში და პარლამენტში მიდის საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით პროცესები. ეს ხელისუფლების უზარმაზარი კრახია და აქ ორი აზრი არ არსებობს, თუმცა არანაკლებ მძიმე პოლიტიკურ შედეგებამდე, შესაძლოა, უფრო მწვავე შედეგებამდეც მიგვიყვანოს ხელისუფლების უმოქმედობამ, რომელიც ტრანსნაციონალურ დანაშაულს უკავშირდება, რომელიც შესაძლოა, საქართველოში ძებნილი პირის მიერ ხორციელდებოდა წარმოუდგენელი მასშტაბის თაღლითური სქემის შექმნით და ასობით მილიონი დოლარის მოპარვით. რამდენიმე ქვეყნის საგამოძიებო უწყება მუშაობს ამ მიმართულებით საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში და თუ ვინმეს ჰგონია, რომ თუ ამ სქემის არსებობა დადასტურდა, ამას არ ექნება ამ ქვეყნისთვის ან ხელისუფლებისთვის მძიმე პოლიტიკური შედეგები, უბრალოდ წარმოუდგენლად ცდება. ლეგიტიმურად ისმის კითხვები, თუ რატომ მოხდა ისე, რომ საქართველოში უკვე მესამე წელია ამ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს და „ბიბისის“ ჟურნალისტებმა უფრო მეტი შესაძლო შედეგი აჩვენეს, ვიდრე საქართველოს პროკურატურამ. რამდენად შესაძლებელია, რომ საქართველოში ძებნილი პირის მიერ ასობით დასაქმებული პირის ჩართულობით ხორციელდებოდეს ამ მასშტაბის დანაშაულის ქვეყნის ტერიტორიაზე და ამის შესახებ არ ფლობდეს ინფორმაციას არც ერთი სახელმწიფო უწყება. ფაქტია, რომ საერთაშორისო საგამოძიებო მოქმედებები დღეს თუ ხვალ კონკრეტულ შედეგებზე გავა და იმ პოლიტიკურ ქარიშხალს, რომელიც ამ სქემის დადასტურების შემთხვევაში ქვეყანას ელოდება, აქ სჭირდება რაიმე მინიმალური დამზღვევი წინაპირობები მაინც, მინიმუმ სიმართლის გამოვლენა ამ საქმის მიმართ შიდა ინტერესებთან დაკავშირებით და იმის დასადგენად, ვინ არის პასუხისმგებელი ამ მასშტაბის დანაშაულის ვერ ან არ აღკვეთაზე. ამიტომ გთავაზობთ შევქმნათ საგამოძიებო კომისია, რომელიც უზრუნველყოფს საგამოძიებო პროცესში სისტემური ჩავარდნების გარკვეულ გადამზღვევ მექანიზმს და მიმართული იქნება საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ შესაძლო თაღლითურ, „ქოლ ცენტრების“ საქმის გამოძიების ხელშეწყობისკენ, რის შედეგადაც გამოვლინდება ამ დანაშაულში მონაწილე და მათი მფარველი პირები. ჩვენ დავიწყებთ აღნიშნული საგამოძიებო კომისიის მომზადების პროცესს და მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, ისევე როგორც ოპოზიციურ პარტიებს, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ მხარი დაუჭირონ ამ საკითხს. უნდა გესმოდეთ, რომ ეს არის ამ ქვეყნის და სხვათა შორის, თითოეული ამ პარტიის ინტერესებშიც,“ - განაცხადა ლილუაშვილმა.