(ჩემი გადაყენების შესახებ ინფორმაცია) ანეკდოტია - შვიდი ენა რომ იცის, ის კაცი „რუსულ ოცნებას“ ტყვეობაში ჰყავს და არ დაგავიწყდეთ ისე, ბიძინა ივანიშვილი ქართულადაც ვერ ლაპარაკობს გამართულად, - ასე ეხმიანება პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ჟურნალისტებთან ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ენების არცოდნის გამო თავმჯდომარის პოსტიდან ლევან ხაბეიშვილის გადაყენება იგეგმება.
ამასთან, ხაბეიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გუნდი არსებობს და თუ ვინმე სხვაგვარად ფიქრობს, ეს პრობლემაა.
„ნაციონალური მოძრაობისთვის“ და ამ ქვეყნისთვის მთავარი მტერი არის ოლიგარქია და ის, რომ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ბანკირები არიან თანამდებობებზე, დაწყებული ჯუანშერ ბურჭულაძით, რომელიც პლასტიკურ ბარათებს აკეთებდა „ქართუში“, გაგრძელებული ლილუაშვილით და ღარიბაშვილით. ამიტომ მთავარი თემა ოპოზიციისთვის უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილი. მე არ ვაპირებ კინკლაობაში მონაწილეობას. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთი პარტია, არსებობს „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდი და ერთადერთი, თუ ვინმეს გუნდი შეიძლება ერქვას „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ გუნდს არის მიშა სააკაშვილის გუნდი, არანაირი ხაბეიშვილის, ბეჟაშვილის, ბოტკოველის გუნდი ამ პარტიაში არ არსებობს. მე მოვისმინე, რომ უწოდებენ - „მელიას გუნდი“, ჩვენ იმის გუნდის წევრები ვართ“, ეს არის პრობლემა. თუ ვინმეს ვინმეს გუნდის წევრობა უნდა, კონსტიტუციური უფლება აქვთ, ჰქონდეთ პარტია და აწარმოონ ნებისმიერი საქმიანობა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი გუნდია, ერთი პარტია და „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის ერთი - მიშა სააკაშვილის გუნდი, სხვა გუნდები არ არსებობს,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.