ქალბატონო, ხათუნა 2012 წლამდე სასამართლო სისტემაში კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებით ან მოსამართლეების მხრიდან, შესაძლო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით, თუ გსმენიათ და თუ გამოსულხართ ინიციატივით საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით? თუ გქონიათ ამის ინტერესი და სურვილი? - ამ კითხვით მიმართა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „რესპუბლიკური პარტიის“ დეპუტატს, ხათუნა სამნიძეს.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ოხანაშვილი ასევე დაინტერესდა მზად არის თუ არა ხათუნა სამნიძე სხვა საქმეებთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისია შეიქმნას.
„მაინტერესებს, თუ იცნობთ სტრასბურგის სასამართლოს, 2023 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებას საქმეზე - "ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ", სადაც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ 2012 წლამდე ციხის თანამშრომლების მხრიდან პატიმრებთან მიმართებაში ხორციელდებოდა სისტემური და სისტემატური დანაშაული. ამ ყველაფრის მიზანი იყო შიშის დათესვა და სრული დამორჩილება. ხომ არ იქნებით ინიციატორი, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ასევე შეიქმნას საგამოძიებო კომისია? ასევე ხომ არ ფიქრობთ, რომ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნას? თუ ასე ფიქრობთ, აქამდე რატომ არ გააჟღერეთ ეს ინიციატივა? ხართ თუ არა მზად ასეთი საგამოძიებო კომისია შეიქმნას?“, - განაცხადა ოხანაშვილმა.