თუ თქვენ თვლით, რომ არანაირ ზეწოლას ადგილი არ აქვს და მურუსიძე დღეს წმინდანი გახდა, როცა თქვენ თვითონ ამბობდით, რომ წინა ხელისუფლების დროს უპრინციპო მოსამართლე იყო და გადაწყვეტილებებზე ზეგავლენას ახდენდა, შევისწავლოთ ეს. თუ პრობლემა არაფერი გაქვთ, რატომ გეშინიათ? , - ასე მიმართა "რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძემ უმრავლესობას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
სამნიძის განცხადებით, 2012 წლამდე შეიქმნა საფუძვლები, იმისთვის, რასაც „დღეს ვიმკით“.
„ეს კომისია არ დაინფიცირებულა მხოლოდ სანქციების პასუხად. ჯერ კიდევ დეკემბერში იყო ინიციატივა და ეს კომისია დარეგისტრირდა. ეს იყო პასუხი იმ საკითხებზე, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებიდან ისმოდა. სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან იყო ინიციატივა ასეთ საგამოძიებო კომისიაზე. მოგვმართეს, რომ შეგვესწავლა გავლენიანი ჯგუფების მიერ სასამართლო გადაწყვეტილებების, საქმეების განაწილების და სხვა საქმეებთან დაკავშირებით, მათი ზეწოლის ფაქტები. მაშინ დავარეგისტრირეთ ჩვენ ეს ინიციატივა, მაგრამ სანქციების შემდეგ ეს კიდევ უფრო აქტუალური გახდა.
ეს არის ერთადერთი საკითხი, სადაც ოპოზიცია არის ერთიანი და აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს. იმედი მქონდა, რომ ამ საკითხში, არც ხელისუფლებისგან წამოვიდოდა ასეთი კითხვები, თურმე 2012 წლამდე რა ხდებოდა. თუ ვინმემ არ იცით შემდეგი სიტყვები უნდა წაგიკითხოთ, რომელიც 2012 წლის თქვენს საარჩევნო პროგრამაში იყო: „სასამართლო საქმიანობას მთლიანად აკონტროლებს პოლიტიკური ხელისუფლება და უპრინციპო მოსამართლეთა ხელში სასამართლო ხშირად გვევლინება მისი უსამართლო სურვილების შემსრულებლად“. უპრინციპო და უსამართლო მოსამართლეებში მაშინ მურუსიძე იგულისხმებოდა. მეც იქ ვიყავი, მეც ამაში ვმონაწილეობდი და, ამიტომ შეკითხვების დასტაზე, რომელიც ეხებოდა თუ რა ხდებოდა 2012 წლამდე, დიახ, 2012 წლამდე შეიქმნა საფუძვლები, იმისთვის, რასაც დღეს ვიმკით.
როცა ვამბობთ, რომ სისტემურ შესწავლაზე იქნება ორიენტირებული ეს კომისა, ეს ნიშნავს იმას, რომ სისტემურ პრობლემებს შეისწავლის და არა რომელიმე საქმეს. რომ მეკითხებით გირგვლიანთან დაკავშირებითო. გირგვლიანთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ დასკვნა გამოიტანა. ამ სიტყვებსაც წაგიკითხავთ: „გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ არც პროკურატურა და არც ადგილობრივი სასამართლოები არ შეეცადნენ გაერკვიათ საქმის ძირითადი გარემოებები“. ეს ითქვა და ამის გადახედვა გინდათ?“,- განაცხადა სამნიძემ.
მისივე თქმით, საგამოძიებო კომისია შეისწავლის ყველა პერიოდში არსებულ პრობლემებს.
„საგამოძიებო კომისიაში დიახ, შევისწავლით ყელა პერიოდში არსებულ პრობლემებს, სისტემური მიდგომით. მიზანი არის ის, რომ გამოძიება არსებობდეს და კონკრეტული ფაქტები არსებობდეს და არა სანქციების საკითხების გადახედვას. ამ საკითხების გადახედვას არავინ აპირებს.
თუ თქვენ თვლით, რომ არანაირ ზეწოლას ადგილი არ აქვს და მურუსიძე დღეს წმინდანი გახდა, როცა თქვენ თვითონ ამბობდით, რომ წინა ხელისუფლების დროს უპრინციპო მოსამართლე იყო და გადაწყვეტილებებზე ზეგავლენას ახდენდა, შევისწავლოთ ეს. თუ არაფერი პრობლემა არ გაქვთ რატომ გეშინიათ?“,- განაცხადა სამნიძემ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს განიხილავენ.