პრაქტიკულად აღიარა საელჩომ საკუთარი შეცდომა და თქვენ გინდათ, რომ ახლა პირი მოწმინდოთ საელჩოს, ხომ? თავის საქმეს ვერ მიხედავს თვითონ საელჩო?, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს განიხილავენ.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, ყველა უშვებს შეცდომებს და მათ შორის აშშ-ის საელჩომაც შეცდომა დაუშვა, როცა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას პროცესის შესახებ ანგარიში მოსთხოვა და ასევე შეცდომა იყო, როდესაც მოსამართლეები დაასანქცირეს.
„ყველა უშვებს შეცდომებს და საელჩოსაც შეიძლება მოუვიდეს შეცდომები. ასეთი შეცდომები ჩვენ ვიხილეთ ბოლო დროის განმავლობაში. ერთი იყო მოსამართლე ჩხიკვაძესთან დაკავშირებით დაშვებული შეცდომა, შეცდომა, რა თქმა უნდა, რბილი ტერმინია, მაგრამ დავარქვათ ამას შეცდომა. როდესაც იბარებენ შენს მოსამართლეს, ქართველ მოსამართლეს და სთხოვენ კონკრეტულ საქმეზე ანგარიშს, რაც არის პირდაპირ კონსტიტუციის დარღვევა, საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ არავინ, არავინში იგულისხმება საელჩოც სხვათა შორის, არავინ არ შეიძლება მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. როდესაც კონსტიტუციას არღვევენ და კონკრეტულ ქართველ მოსამართლეს სთხოვენ ანგარიშს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, გასაგებია თქვენი პოლიტიკური ინტერესი, სიმპატიები გვარამიას მიმართ, რომლის საქმესაც უკავშირდება, მაგრამ ელემენტარული რაღაც პატრიოტული გრძნობა ხომ უნდა გქონდეთ, როდესაც უცხოელი უშვებს შეცდომას, არღვევს კონსტიტუციას და იბარებს ქართველ მოსამართლეს ისეთ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც ყველამ ვიცით, რომ მოსამართლეს ჰქონდა სათანადო, სწორი გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ ნული პატრიოტიზმი, არაფერი ეროვნული თქვენში არ არის, არის მხოლოდ პოლიტიკური ინტერესები.
კიდევ ერთი შეცდომა ე.წ. სანქციები, სავიზო შეზღუდვები რაც დაუწესდათ მოსამართლეებს. თქვენ ნახეთ, რომ რეალურად ესეც იყო ძალიან უხეში შეცდომა საელჩოს მხრიდან, ხელი მოაწერინეს სახელმწიფო მდივანს განცხადებაზე, რომელიც ნულ მტკიცებულებას ემყარებოდა, ამაზე დიდი შეცდომა საელჩომ რა უნდა დაუშვას? საბოლოო ჯამში ეს შეცდომა თავადაც აღიარეს იმით, რომ მტკიცებულებები უარყვეს, თქვეს, რომ მტკიცებულებები არ ჰქონდათ და ამას მოაყოლეს განცხადება, რომ ეს იყო არა სანქციები, არამედ მხოლოდ სავიზო შეზღუდვები. პრაქტიკულად აღიარა საელჩომ საკუთარი შეცდომა და თქვენ გინდათ, რომ ახლა პირი მოწმინდოთ საელჩოს, ხომ? თავის საქმეს ვერ მიხედავს თვითონ საელჩო? თქვენ რატომ უნდა იყოთ ამ ყველაფრით დაკავებული, თქვენ ხომ დაკავებული უნდა იყოთ თქვენი ქვეყნის ინტერესებზე ზრუნვით? თუ სხვა უშვებს შეცდომას თქვენ უნდა იყოთ დაკავებული იმით, რომ ეს შეცდომა იყოს სათანადოდო აღიარებული, მაგრამ თქვენ მოქმედებთ საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რატომ? იმიტომ რომ თქვენში არის ნული პატრიოტიზმი და ნული გრძნობა საკუთარი ქვეყნისა და სახელმწიფოს მიმართ. თუ რაიმე შეცდომის გამოსწორება უნდა საელჩოს, მერწმუნეთ თვითონ გამოასწორებს და ამ კუთხით ნაბიჯები უკვე გადაიდგა საელჩოს მხრიდან, თქვენი ზრუნვა არ არის საჭირო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.