რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს პროცედურული ომი არავინ არ იცის, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კვორუმის არარსებობის გამო სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრის ჩავარდნასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
როგორც ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, ხელისუფლებას ეშინია სიმართლის, „ იმ მტკიცებულებების, რომელიც ნიაღვარზე ამოვა“.
„ნახეთ, რომ ხელისუფლებამ უარი თქვა კენჭისყრაზე. კენჭისყრა გადაიდო . ეს არ ნიშნავს იმას, რომ კენჭისყრა აღარ უნდა შედგეს. მონიტორზე 51 ხმა დაფიქსირდა, ხმების საკმარისი რაოდენობა გვქონდა, იმისთვის რომ ეს კომისია შემდგარიყო და საგამოძიებო კომისას დაეწყო მუშაობა. ეშინიათ სიმართლის. ეშინიათ იმ მტკიცებულებების, რომელიც ნიაღვარზე ამოვა.
საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ როგორც დღეს ოპოზიცია მონიტორზე აღმოჩნდა უმრავლესობაში, ასეთივე უმრავლესობაში ვიქნებით ჩვენ, დემოკრატიული ძალები. ხელისუფლება შეიცვლება და ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვრებთ.
ასეთი რამ ხვალაც შეიძლება გააკეთონ. ეს იმას ნიშნავს, რომ კენჭისყრები საერთოდ არ უნდა ჩატარდეს ამ პარლამენტში. რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს პროცედურული ომი არავინ არ იცის. ფაქტია, რომ ოპოზიციამ თავისი ძალა აჩვენა დღეს. ძალა ერთობაშია. პირველად დაფიქსირდა 51 ხმა ოპოზიციის მხრიდან და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამის შეეშინდა „ქართულ ოცნებას“ და მყისიერად დაიხია უკან“,- განაცხადა ვაშაძემ.
კითხვაზე, თუ როგორი იქნება ოპოზიციის შემდეგი სტრატეგია, ვაშაძემ აღნიშნა, რომ ხვალ თუ იქნება კენჭისყრა, ოპოზიცია ხვალაც მობილიზდება.
„დაველოდებით. ვიმსჯელებთ და ვიმუშავებთ. ხვალ თუ იქნება კენჭისყრა, ხვალაც მოვბილიზდებით. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი არ ვიცი, მაგრამ მობილიზება მოგვიწევს. მგონი, დღეს ჩვენ გავიმარჯვეთ, ვაჩვენეთ როგორ ეშინია სიმართლის „ქართულ ოცნებას“. ერთიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი“,- განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, კვორუმის არარსებობის გამო სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერ შედგა. უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მათ კენჭისყრისთვის რეგისტრაცია არ გაიარეს, რაც უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ქართველი მოსამართლეების მიმართ "სოლიდარობის აქტად" შეაფასა. სხდომაზე რეგისტრაცია მხოლოდ 51-მა დეპუტატმა გაიარა.
"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, არ გავიაროთ რეგისტრაცია კენჭისყრამდე. ეს არის სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ.