ხელისუფლების იქით გასაქცევი მართლა არ აქვთ ამ მოსამართლეებს - ეს ხალხი შურისძიებისგან იქნება დასაცავი. სახელმწიფოს ცალკე პროგრამა დასჭირდება იმისთვის, რომ ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან დაიცვას იმიტომ, რომ წარმოიდგინეთ მოქალაქეების გაბრაზება, ასევე წარმოიდგინეთ ის, რომ თვითონ სანქცირებულები, კრიმინალები, ბანდიტები ასამართლებენ მოქალაქეებს და ციხეში უშვებენ რაღაც დანაშაულების გამო, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.
ამასთან, იაგო ხვიჩიას თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ გუშინ თქვა, რომ „თავის მოსამართლეებზე კომისიას არ ქმნის“.
„მთელი ეს პროცედურული ომი ამ მურუსიძისთვის, ანუ მიშას მოსამართლეების დასაცავად გაქვს სინამდვილეში მოწყობილი. მთელი მორალური პრობლემა ეს არის და არა პროცედურული ომის ნაწილი ზოგადად“, - განაცხადა ხვიჩიამ.
მისი თქმით, მართლმსაჯულების სისტემა ხელისუფლებას პოლიტიკური ძალაუფლების შესანარჩუნებლად სჭირდება.
„როგორც კი მართლმსაჯულების სისტემა პოლიტიკური ძალაუფლების შესანარჩუნებლად დაგჭირდება, ის უნდა იყოს კომპრომისული, რომ მას შენს იქეთ გზა არ ჰქონდეს. მურუსიძეს ხომ „ქოცების“ იქეთ გზა არ აქვს. არ უშვებენ ევროპაში, ამერიკაში, რუსეთში არ ვიცი, რად უნდა რომ წავიდეს. საქართველოში სისტემის ვერტიკალის ქვეშ რომ არ იყოს, ჩემი აზრით, კომფორტული ცხოვრება ძალიან გაუჭირდება იმიტომ, რომ სახეზე ცნობენ. მოსამართლეებს ამ ქვეყანაში ცოტა ადამიანი ცნობდა სახეზე, მაგრამ ესენი „სტარები" "გაიჩითნენ“, ოღონდ „სტარები“ უარყოფითი მიმართულებით, ანტიგმირები „გაიჩითნენ“. "მარველის" ანტიგმირი რომ „გაიჩითო“, ბავშვებს რომ ეშინიათ ან ეზიზღებათ და ქუჩაში რომ ჩვეულებრივად დადიოდე, ბავშვებს ხომ ექნებათ რეაქცია? ეს მოსამართლეები ასე არიან ქართველ ხალხზე და ქართველი ხალხი "მარველის" მაყურებლები კი არ არის, არამედ საკუთარ რეალურ ცხოვრებას უყურებს და ხედავს, რას უშვრება ეს ხალხი ამ ქვეყანას და ხედავდა იმასაც, თუ რას უშვრებოდა“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
რაც შეეხება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ხვიჩიას თქმით, ამ სტატუსის მიღებას თუ რამე უშლის ხელს, პირველ რიგში, ეს, მოსამართლეებისთვის სანქციების დადებაა.
„სასამართლო სისტემაში არაერთი რეფორმა ჩატარდა და იმედი რჩებოდა იმისა, რომ რაღაც გამოსწორდებოდა, თუმცა როდესაც იმედიც დაკარგეს და მტკიცებულებები მიიღეს იმის შესახებ, რომ ყველაფერთან ერთად, ეს სასამართლო კორუმპირებულია და ფაქტობრივად, ყველაფერზე ხელისმომწერია, მიაღწია იმ „ლეველს“ რომ ზოგადად ყველაფერზეა ხელისმომწერი, საერთოდ არაფერზე არ აქვს პრობლემა და ახლა რომ დაავალონ საკონცენტრაციო ბანაკები შემოიღეო, იმასაც შემოიღებს. ჩვენ ხელისუფლებაზე ამდენად მორჩილი და დამოკიდებული სასამართლო მივიღეთ. ხელისუფლების იქეთ გასაქცევი მართლა არ აქვთ ამ მოსამართლეებს. ჩვენ შეიძლება სხვა რამე მოვიფიქროთ, ამნისტირება წინასწარ გამოაცხადო თუ რამე მსგავსს აპირებ, თორემ როგორ უნდა მოახერხო ის, რომ მომავალში ეს მოსამართლეები გყავდეს მოსამართლეებად, ეს ხალხი დასაცავია, შურისძიებებისგან იქნება დასაცავი. სახელმწიფოს ცალკე პროგრამა დასჭირდება იმისთვის, რომ ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან დაიცვას იმიტომ, რომ წარმოიდგინეთ მოქალაქეების გაბრაზება, ასევე წარმოიდგინეთ ის, რომ თვითონ სანქცირებულები, თვითონ კრიმინალები, თვითონ ბანდიტები ასამართლებენ მოქალაქეებს და ციხეში უშვებენ რაღაც დანაშაულების გამო. ანუ ციხეში მყოფი არცერთი ადამიანი არ არის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული, არ ჩაუდენიათ იმ მოსამართლეებზე უფრო დანაშაული, რომლებიც მათ ასამართლებს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.