პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა არ მოგვაწოდა ინფორმაცია ლაშა ხუციშვილის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარტია ,,ხალხისთვის’’ ლიდერი, ანა დოლიძე საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს.
ანა დოლიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მოწოდებულ ინფორმაციას აქვეყნებს, რომელიც მოქმედი ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას ეხება. როგორც დოლიძე განმარტავს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ უთითებს კანონმდებლობის რომელი მუხლების საფუძველზე არ აწვდის ინფორმაციას.
„ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ეროვნულმა ბანკმა თავისი დანიშნულება შეასრულოს, მათ შორის, დაიცვას მომხმარებელთა უფლებები. ეროვნული ბანკი დღეს ამას ვერ ასრულებს და არ აკეთებს.
იქ ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირის დანიშვნა იქნება ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის დაზიანება. ამიტომ, აქტიურად ვაკვირდებით ამ პროცესს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სალომე ზურაბიშვილი.
როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მოქმედ ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან დაკავშირებით, ვინაიდან, დადასტურებული არ იყო ხუციშვილის მონაწილეობა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატურის შერჩევის პროცესში.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ უთითებს კანონმდებლობის რომელი მუხლების საფუძველზე არ გვაწვდის ინფორმაციას. ვწუხვარ, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამ მნიშვნელოვან ინფორმაციას არ გასცემს. ევროპული ფასეულობების შორის მთავარი არის თანამონაწილეობა, მსჯელობა და დისკუსია. სამწუხაროდ, ეს ნაბიჯი არ არის გადადგმული ევროპული ფასეულობების მიმართულებით’’, - წერს ანა დოლიძე.
აღნიშნულ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.