„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, მას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარის არჩევნები შესაძლოა, კვლავ იგეგმებოდეს. აღნიშნულის შესახებ ბოკუჩავამ პარლამენტში ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ვერ გეტყვით, ჩემთვის ასეთი ინფორმაცია ნამდვილად არ არის ცნობილი, რომ ახლა ჩატარებული არჩევნების შემდეგ კვლავ არჩევნები იგეგმებოდეს. მე ვფიქრობ, რომ ეს მართებული არ იქნება. ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება, ამ შემთხვევაში, პარტიის, როგორც ერთი რიგითი წევრის, რომლებთან ერთადაც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძვი უკვე მე-11 წელია. ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება იმიტომ, რომ ვფიქრობ, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია პარტიამ წინ გაიხედოს და ზოგადად ოპოზიციამაც მაქსიმალურად წინ გაიხედოს, გადავლახოთ ყოველგვარი ურთიერთდაპირისპირება და ვკონცენტრირდეთ უმთავრესზე იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეები ცვლილებისთვის მზად არიან, მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, მაგრამ ბუნებრივია, ჩვენი პასუხისმგებლობაა, როგორც ოპოზიციის, რომ ჩვენ შევთავაზოთ რეალური დემოკრატიული, პროდასავლური ალტერნატივა. ამისთვის, რა თქმა უნდა, მთავარი ოპოზიციური პარტია ფორმაში უნდა იყოს და არა, მუდმივი არჩევნების რეჟიმში“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.