„ქართული ოცნება“ პარლამენტის ბლოკირებით ცდილობს გადაეფაროს „კლანს“ - მთელ საქართველოს, საერთაშორისო მეგობრებს დაუდასტურეს, რომ ისინი არიან „კლანის“ გაგრძელება და მისი ნაწილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
მისი თქმით, კომისიის ჩაგდებით გაცილებით მეტი რამ ითქვა „ქართული ოცნების“ მხრიდან, ვიდრე მისი შექმნით შეიძლება გაეგო საზოგადოებას რამდენიმე თვის მანძილზე.
„ეს არის დასტური, რომ „ქართული ოცნება“ „კლანის“ ნაწილია. „ქართული ოცნება“ საკუთარი ინიციატივების გაჩერებითაც კი, მთელი პარლამენტის ბლოკირებით ცდილობს გადაეფაროს ასე „კლანს“. ცდილობენ მოძებნონ მომენტი, როდის შეიძლება ამ საკითხის გატანა კენჭისყრაზე ისე, რომ ის ჩავარდეს, მაგრამ ოპოზიცია ამას პასუხობს მობილიზებით. როცა ისინი ამბობენ, რომ გააკეთებენ ყველაფერს, რათა არ შეიქმნას კომისია, ეს ნიშნავს, რომ გააკეთებენ ყველაფერს, მათ შორის უკანონობას, რათა დაიცვან საკუთარი „კლანი“. კომისიის შექმნის საკითხის ჩაგდებით გაცილებით მეტი რამ ითქვა „ქართული ოცნების“ მხრიდან, ვიდრე მისი შექმნით შეიძლება გაგვეგო რამდენიმე თვის მანძილზე. მან დაუდასტურა მთელ საქართველოს, საერთაშორისო მეგობრებს, რომ „ქართული ოცნება“ არის „კლანის“ გაგრძელება, მისი ნაწილი. „კლანი“ აძლევს „ოცნებას“ გარანტიას, რომ მათი ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს, „ქართულმა ოცნებამ“ კი დაუდასტურა „კლანს“ ამ ორი დღის განმავლობაში და მისცა გარანტიები, რომ დაიცავს მას ბოლომდე,“ - განაცხადა სამნიძემ.
ინფორმაციისთვის, სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კვორუმის არარსებობის გამო დღესაც ვერ შედგა.
კენჭისყრის დაწყებამდე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მოსამართლეებს სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა, რის კონტექსტშიც უმრავლესობის წევრმა დეპუტატებმა რეგისტრაცია ისევ არ გაიარეს.