ბუნებრივია, ჩვენ გუშინდელი გადაწყვეტილება არ შევცვალეთ და სოლიდარობა ქართულ სასამართლოს! - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, სასამართლოსთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნით ოპოზიცია ცდილობს ევროინტეგრაციის პროცესი შეაფერხოს.
„ბუნებრივია, ჩვენ გუშინდელი გადაწყვეტილება არ შევცვალეთ და სოლიდარობა ქართულ სასამართლოს! თქვენ იცით, რომ წლის ბოლოს ევროკავშირმა შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, საქართველოს კანდიდატის სტატუსს მისცემს თუ არა. ერთხელ ჩვენ უსამართლოდ კანდიდატის სტატუსი არ მოგვეცა და ეს ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული კრიტერიუმებით დამტკიცდა. სხვას რას შეიძლება ემსახურებოდეს ახლა სასამართლოს თემაზე კომისიის შექმნა, თუ არა საბოტაჟს. „ნაცმოძრაობას“ და მის მთელ კლასტერს ვერ წარმოუდგენია, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ყველაფერს აკეთებენ ამის გამოსარიცხად. საზოგადოებამ გადაწყვიტოს რას შეიძლება ემსახურებოდეს სასამართლოსთან დაკავშირებული კომისიის შექმნა, მაშინ როდესაც საქართველოში გატარებული რეფორმების და არსებული პროგრესის საფუძველზე ევროკავშირმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
ქართველ მოსამართლეებს სავიზო შეზღუდვებს უწესებენ და შენ ოპოზიციონერი რომ გქვია, ნაცვლად იმისა, რომ ქვეყნის გვერდით დადგე და თქვა, რომ მტკიცებულების გარეშე ეს დაუშვებელია, პირიქით ამის საფუძველზე ამბობ, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ მტკიცებულებები და კომისია. საზოგადოების რომელიმე წევრს მიგაჩნიათ, თუნდაც „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეს, მათ კომისიის შექმნა იმისთვის უნდათ, რომ სასამართლოში მიღწეული პროგრესი დაადასტურონ?“ - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, ამის მიზანია რამენაირად შეაფერხონ ევროინტეგრაციის პროცესი.
„ეს არის მათი მიზანი, გარდა იმ მიზნებისა, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას, მის საქმიანობაში ჩარევას ეხება, რაც სხვათა შორის თავადვე ჩაწერეს განმარტებით ბარათში, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს“, - განაცხადა მდინარაძემ.