„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ - „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, ხელი შეუშალოს საგამოძიებო კომისიის შექმნას, პარლამენტის მუშაობის პარალიზებას იწვევს

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, ხელი შეუშალოს საგამოძიებო კომისიის შექმნას, პარლამენტის მუშაობის პარალიზებას იწვევს, - ამის შესახებ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ განცხადებაშია აღნიშნული.

მათი შეფასებით, „ქართული ოცნების“ კატეგორიული წინააღმდეგობა შეიძლება ემსახურებოდეს სასამართლო სისტემაში შესაძლო კორუფციული გარიგებების და ზეწოლის ფაქტების შესახებ ინფორმაციის გამოაშკარავებისთვის ხელის შეშლას.

„საქართველოს პარლამენტში უკვე მეორე დღეა საპარლამენტო უმრავლესობა პროცედურული საბოტაჟის გზით ცდილობს დაბლოკოს საგამოძიებო კომისიის შესახებ კენჭისყრა. მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო ოპოზიციამ შეძლო კომისიის შესაქმნელად საჭირო 50 ხმის მობილიზება, საპარლამენტო უმრავლესობის მთელი შემადგენლობა კენჭისყრამდე რეგისტრაციაზე უარს აცხადებს, რის გამოც კვორუმისთვის აუცილებელი რაოდენობის 76 ხმა ვერ გროვდება. შესაბამისად, ვერ ხერხდება კენჭისყრა.

საგამოძიებო კომისია საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელებისთვის უმნიშვნელოვანესი მექანიზმია. კომისიის საქმიანობის ფარგლებში პარლამენტს შესაძლებლობა აქვს დეტალური ინფორმაცია მიიღოს შესაბამისი უწყებებისგან შესაძლო დანაშაულების შესახებ. საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლებამოსილების მინიჭება არანაკლებ 50 დეპუტატისთვის გულისხმობს დემოკრატიული ზედამხედველობის ამ ბერკეტის დაუბრკოლებლად გამოყენებას საპარლამენტო ოპოზიციის მიერ. საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან კენჭისყრის ჩაშლა და ოპოზიციისთვის ხელის შეშლა საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად, აზრს უკარგავს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ მიზანს, მისცეს ოპოზიციას საზედამხედველო უფლებამოსილების უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტის გამოყენების შესაძლებლობა.

„ქართული ოცნება“ საკუთარ გადაწყვეტილებას მოსამართლეების მიმართ სოლიდარობით ხსნის. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია არადამაჯერებელია. რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება გაურბის სასამართლოში არსებულ პრობლემებზე საჯაროდ საუბარს. საგამოძიებო კომისიის შექმნა პოლიტიკური დღის წესრიგის ცენტრალურ საკითხად აქცევდა სასამართლოში არსებულ პრობლემებს, რაც, როგორც ჩანს, მმართველი პარტიისთვის არასასურველია. „ქართული ოცნების“ კატეგორიული წინააღმდეგობა შეიძლება ემსახურებოდეს სასამართლო სისტემაში შესაძლო კორუფციული გარიგებების და ზეწოლის ფაქტების შესახებ ინფორმაციის გამოაშკარავებისთვის ხელის შეშლას.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამართლეებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ადასტურებს, რომ სასამართლო სისტემაში არსებული არაფორმალური პოლიტიკური გავლენები გამოუაშკარავებელი არ დარჩება. საგამოძიებო კომისიის საკითხზე კენჭისყრის ჩაგდება მხოლოდ დროებით გადაავადებს სასამართლო ხელისუფლებაში დანაშაულებრივ ქმედებებში ჩართული პირებისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი