უცნაურად ჩანს იმის თქმა, რომ სოლიდარულები ხართ მოსამართლეების იმ 4 ინდივიდის დაცვით, რომელთა შესახებაც კორუფციაში ჩართლობის სარწმუნო ინფორმაცია არსებობს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა.
ელჩის თქმით, პირების დაცვა, ვინც ჩართული იყვნენ კორუფციაში, არ არის სოლიდარობა პროფესიონალი მოსამართლეების მიმართ.
ელჩმა ასევე განმარტა, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის წარმატებით მუშაობდა მოსამართლეების გაცვლითი პროგრამა, რომელიც აბსოლუტურად ნებაყოფლობითი იყო და არასდროს ჰქონია მოსამართლეების იძულების ფორმა.
„არავითარი შეცდომა არ არსებობს ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლო პროგრამებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ეს პროგრამები ღიაა მოსამართლეებისთვის, რომლებიც არიან კვალიფიციურები, რომლებსაც აქვთ დრო მონაწილეობის მისაღებად და რომლებიც მიიღებენ სარგებელს ამ პროგრამისგან იმგვარად, რომ ახალ გამოცდილებას საკუთარ სასამართლო დარბაზებში გამოიყენებენ. ჩვენ არასდროს გამოგვიძახებია მოსამართლეები ან მოგვითხოვია მოსამართლეებისგან, ეს არის აბსოლუტური სიცრუე და ცალსახად არის მცდარი ინფორმაციის შედეგი. ჩვენ გვქონდა ძალიან პოპულარული და წარმატებული გაცვლითი პროგრამა, რაშიც ბევრი ქართველი მოსამართლე მონაწილეობდა და რეალურ სარგებელსა და სიამოვნებას იღებდა.
რაც უცნაურად ჩანს, არის იმის თქმა, რომ ხართ სოლიდარულები მოსამართლეების, რომელთა უმეტესობა უკიდურესად პროფესიონალია და სურს თავისი საქმის გაკეთება კანონის შესაბამისად, იმ 4 ინდივიდის დაცვით, რომელთა შესახებაც არსებობს კორუფციაში ჩართლობის სარწმუნო ინფორმაცია. ეს არ არის დაცვა, ეს არ არის სოლიდარობა პროფესიონალი მოსამართლეების მიმართ, იმ პირების დაცვა, ვინც ჩართულები იყვნენ კორუფციაში“, - განაცხადა კელი დეგნანმა.