ეს საცოდავი მდგომარეობა, როდესაც უმრავლესობა ოპოზიციაში გადადის და ოპოზიციის ტაქტიკით ცდილობს გადაეფაროს მურუსიძის და ჩინჩალაძის „კლანს“, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მათ ეშინიათ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ უმრავლესობამ დაინახა, რომ პარლამენტში 50 ოპოზიციონერი დეპუტატი არ არის, შეიძლება კენჭისყრა ჩაატაროს.
„ქართული ოცნება“ „რუსული კანონის“ ინიცირების შემდეგ უკვე მეორედ გადის კონსტიტუციიდან, როდესაც ის კონსტიტუციით გათვალისწინებულ შესაძლებლობას უსპობს ოპოზიციას, შექმნას საგამოძიებო კომისია და ღიად აცხადებს, რომ ამის მიზანია გადაეფაროს სასამართლოში არსებულ საკუთარ „კლანს“. რას მოიმოქმედებს „ქართული ოცნება“ კენჭისყრასთან დაკავშირებით ნამდვილად რთული სათქმელია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ „მინისტრის საათის“ ფორმატში კენჭისყრები თეორიულად არ არის დაგეგმილი, არ გამოვრიცხავ, რომ იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება 50 ოპოზიციონერი დეპუტატი დარბაზში, კენჭისყრა ჩაატარონ, ამიტომ ჩვენ კვლავ გვქონდა კომუნიკაცია ერთმანეთთან. შეუძლებელია ამ ფორმატში პარლამენტის ნორმალური ფუნქციონირება, როდესაც ხელისუფლება გადასულია ოპოზიციაში, ფაქტობრივად, ბოიკოტის რეჟიმში და კონსტიტუციის წინააღმდეგ მიდის.
ეს საცოდავი მდგომარეობა, როდესაც უმრავლესობა ოპოზიციაში გადადის და ოპოზიციის ტაქტიკით ცდილობს გადაეფაროს მურუსიძის და ჩინჩალაძის „კლანს“, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მათ ეშინიათ“, - განაცხადა აქუბარდიამ.
ინფორმაციისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის პროცედურის დასაწყებად საჭირო კვორუმი ორჯერ არ შედგა, რადგან საპარლამენტო უმრავლესობა კენჭისყრის წინ რეგისტრაციას არ გადის. შესაბამისად, კენჭი ვერ ეყარა მოსამართლეებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს.