ყველა პროექტი, რომელიც უკავშირდება საქართველოს პრემიერ - მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე დაკავშირებულია კორუფციასთან, - განაცხადეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან ანთაძემ და ბათუმის საკრებულოს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რეზო ხარაზმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ბრიფინგი ჩაატარეს, სადაც პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ბათუმში გმირთა ხეივნის რეაბილიტაციის პროექტზე ისაუბრეს.
„ყველა პროექტი, რომელიც უკავშირდება საქართველოს პრემიერ - მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე დაკავშირებულია კორუფციასთან, ამის ნათელი მაგალითია განახლებული რეგიონების პროექტი, რომელზეც დაგვპირდა პრემიერი, რომ ქვეყნის მასშტაბით ხარჯავდა 500 მილიონ ლარს. დღეს ჩვენ ბათუმში ვხედავთ ამ პროექტის ერთ-ერთ ნაწილს, ეს არის გმირთა ხეივნის რეაბილიტაციის პროექტი, თუმცა სარეაბილიტაციო ამას არაფერი აქვს. დღეს თქვენ ხედავთ დაუმთავრებელ პროექტს, რომელშიც 14 მილიონი ლარი უკვე გადახდილია. ეს განათებები, რომელიც ჯერ დამონტაჟებულიც არ არის, იქ ბეტონი, ეს ყველაფერი დამთავრებულია, ოღონდ დამთავრებულია მხოლოდ ფურცელზე. აღარაფერს ვამბობ ვადებზე, ეს უნდა დასრულებულიყო 2022 წლის 31 დეკემბერს, ახლა კი 2023 წლის 20 აპრილია.
ამის გარდა შეიძლება პრემიერ - მინისტრ ღარიბაშვილისთვის ნახევარი მილიარდი ლარი არ იყო საკმარისი, დააანონსა ახალი პროექტი, რომელშიც უნდა დაიხარჯოს მილიარდი ლარი. დარწმუნებული ვარ, თუ ეს მოხერხდა და მან ეს პროექტი დაიწყო, რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ კავშირში იქნება კორუფციასთან ისევე, როგორც ეს პროექტი, რომელსაც ახლა უყურებთ”. - განაცხადა ლევან ანთაძემ.
ბრიფინგზე ასევე ისაუბრა, ბათუმის საკრებულოს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რეზო ხარაზმა და თქვა, რომ ეს რეგიონული განვითარების პროექტი კი არა, არამედ „ივანიშვილის და ღარიბაშვილის ჯიბის გამდიდრების პროექტია".
„ირაკლი ღარიბაშვილმა ორი დღის წინ დაგვიანონსა ორ მილიარდიანი პროექტი და მე მინდა ვუთხრა კორუმპირებულ ღარიბაშვილს, რომ 23 მილიონს ხარჯავ პროექტში, რომლის საჭიროება არ იყო ამ ქალაქში. 14 მილიონი პირდაპირ ჩარიცხული გაქვთ და ხელი აქვთ მოწერილი მაღალჩინოსნებს ამ პროექტზე, სადაც თითქოს დასრულებულია სამუშაოები, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ასევე კომპანიამ, რომელიც ამ პროექტს ახორციელებს მოხვდა სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში და ეს არის არა პირდაპირ რეგიონების განვითარების პროექტი, არამედ ივანიშვილის და ღარიბაშვილის ჯიბის გამდიდრების პროექტი. ისინი ხალხის ფულს იპარავენ ამიტომ, საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს და უნდა გადაწყვიტოს სურს თუ არა რეალურად ეს მავნებელი, კორუმპირებული ჩინოვნიკები, თუ ნორმალური, განვითარებული, ევროპული სახელმწიფო, სადაც ხალხის ფულს არავინ არ იპარავს.”- განაცხადა რეზო ხარაზმა.