[კელი დეგნანის] განცხადებამ დაგვანახა ერთი რამ, რომ ამ სავიზო შეზღუდვის, სანქციის ინიციატორი ელჩი დეგნანი ყოფილა, რადგან მან ეს პირადად განაცხადა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, ელჩის ინიციატივები სასამართლო სისტემის რეფორმირების საკითხის ნაცვლად, სასამართლო სისტემაში პოლიტიკური ჩარევის წახალისებას მოემსახურა.
„მან [კელი დეგნანმა] კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მხოლოდ და მხოლოდ საჯარო წყაროებით ანუ მედიაში გამოქვეყნებული გარკვეული ინფორმაციებით იხელმძღვანელა, რომელთა უკანაც რამდენად არის სანდოობა, რამდენადაა ფაქტებით გამყარებული, ან საერთოდ, რამდენად შეესაბამება რეალობას, როცა საუბარია კორუფციულ ბრალდებაზე, რა თქმა უნდა, არაფერი თქმულა. მოგეხსენებათ, საქართველოს მედია ისეთი დონის პლურალიზმით და ისეთი დონის მასალების სიჭრელით გამოირჩევა, თუ ჩვენი მედიის, ან რომელიმე ექსპერტის განცხადების საფუძველზე შეიძლება რამე ვერდიქტი გამოვუტანოთ ადამიანს, მერწმუნეთ, რომ საქართველოში არც ერთი ადამიანი არ დარჩება, რომელიც სანქციებს ასცდება, თუ ამას ვინმე მოინდომებს.
მე მაინც მიმაჩნია, რომ ქალბატონი ელჩის ინიციატივა სინამდვილეში უფრო მოემსახურა არა სასამართლო სისტემის მდგრადობისა და შემდეგი განვითარების, რეფორმირების საკითხს, არამედ, რეალურად მოემსახურა სასამართლო სისტემაში პოლიტიკური ჩარევის წახალისებას. ასეთი ნაბიჯით კიდევ უფრო გაიზარდა 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში შიდაპოლიტიკური რადიკალიზმი და პოლარიზაცია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ქალბატონი ელჩის ინიციატივა, რომელმაც შემდეგ რეალიზაციის ეს სახე მიიღო, მაინც კონტრპროდუქტიული იყო იმ მიზნებისთვის, რა მიზნებისათვისაც საქართველო თავის პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად ცდილობს კანდიდატობის სტატუსს მიაღწიოს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, ოპოზიცია საგარეო ფაქტორებზეა დამოკიდებული, რადგან მას შიდა რესურსი არ გააჩნია.
„სანქციებთან დაკავშირებით გეტყვით ერთ ამბავს, სამწუხაროდ, ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, იმის გამო, რომ მას არანაირი შიდა რესურსი არ გააჩნია, მათ შორის, ელექტორალური რესურსი, თავიდან ბოლომდე საგარეო ფაქტორებზეა დამოკიდებული. სანქცია არის ერთადერთი რამ, რითაც ისინი ფიქრობენ, რომ საქართველოში შეიძლება სიტუაცია აირიოს და მღვრიე წყალში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში მოტრიალება მოახერხოს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.