სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე არც დღეს დადგა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის პროცედურის დასაწყებად საჭირო კვორუმი უკვე მესამედ არ შედგა, საპარლამენტო უმრავლესობამ კენჭისყრის წინ მოსამართლეების მიმართ სოლიდარობის ნიშნად რეგისტრაცია ამჯერადაც არ გაიარა.
ტაბლოზე მხოლოდ 52 ხმა დაფიქსირდა, შესაბამისად, კენჭისყრის პროცესი ჩაიშალა და დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებთან ერთად, კენჭი ვერც სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს ეყარა.
საუბარია პარლამენტში ჯერ კიდევ ივნისის თვეში ინიცირებული დადგენილების პროექტის დამტკიცებაზე, რომელიც სწორედ სასამართლოსთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტი პარლამენტში „რეფორმების ჯგუფმა“ დააინიცირა.
საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი პარლამენტში, აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირების შემდეგ გააქტიურდა.
ინფორმაციისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის პროცედურის დასაწყებად საჭირო კვორუმი არც 18 და 19 აპრილს არ შედგა, რადგან საპარლამენტო უმრავლესობა კენჭისყრის წინ რეგისტრაციას არ გადის. შესაბამისად, კენჭი ვერ ეყარა მოსამართლეებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს.