იქნებ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აწარმოოთ მოლაპარაკება მმართველ პოლიტიკურ პარტიასთან, დაიყოლიოთ ისინი, რომ კონსტიტუცია და კანონი თავზე არ დაახიონ საქართველოს მოქალაქეებს, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს.
როგორც კორძაიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, პარლამენტი ვერ ფუნქციონირებს, რადგან ოპოზიციას არ აქვს შესაძლებლობა, რომ შექმნას საგამოძიებო კომისია.
„ბატონო შალვა, ორი დღეა პირადად თქვენ გადიხართ რეგისტრაციას. მესმის პარლამენტის თავმჯდომარე ხართ და გევალებათ რეგისტრაციის გავლა. მაინტერესებს, თქვენი პერსონალური პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ ის ორგანო, რომლის თავმჯდომარეც თქვენ ხართ ვერ ფუნქციონირებს მარტო, იმიტომ რომ ოპოზიციას არ გვაძლევთ კანონით მონიჭებულ უფლებას, რომ შევქმნათ საგამოძიებო კომისია. იქნებ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აწარმოოთ მოლაპარაკება მმართველ პოლიტიკურ პარტიასთან და დაიყოლიოთ ისინი, რომ კონსტიტუცია და კანონი თავზე არ დაახიონ საქართველოს მოქალაქეებს“, - განაცხადა კორძაიამ.
ცნობისთვის, პარლამენტში სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის კენჭისყრა ვერც დღეს შედგა. უმრავლესობამ რეგისტრაცია კვლავ არ გაიარა.