ის, რაც ახლა პარლამენტში ხდება, არის პირდაპირი საბოტაჟი საქართველოს ევროინტეგრაციის და ამ დანაშაულში თავისი წვლილი თავიდან ბოლომდე, 100%-ით მიუძღვის „ქართულ ოცნებას“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მედიასთან მას შემდეგ განაცხადა, რაც სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა უკვე მესამედ ვერ ჩატარდა, რადგან საპარლამენტო უმრავლესობამ ამჯერადაც რეგისტრაციის გავლაზე უარი თქვა და ქვორუმი არ შედგა.
გიორგი ვაშაძის განმარტებით, ოპოზიციამ სამგზის აჩვენა ერთიანობა და სისტემა „გააშიშვლა“.
„ჩვენ ერთიანი ქმედებით გავაგრძელებთ ბრძოლას იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი, საქართველომ იზეიმოს გამარჯვება. მთავარი გამარჯვება იქნება მაშინ, როცა ეს სამარცხვინო და გაფარჩაკებული „ქართული ოცნება“ აღარ იქნება ხელისუფლებაში და რუსეთის ინტერესების გამტარებლები აღარ იქნებიან ამ პარლამენტში. დამერწმუნეთ ეს გამარჯვება ძალიან ახლოსაა და უკვე მესამედ დაფიქსირებული ეს ერთიანობა ოპოზიციის მხრიდან და გაქცეული უმრავლესობა არის ამის რეალური და ნათელი პასუხი.
ვერაფერი სხვა დღის წესრიგში ვერ იქნება, სანამ კენჭისყრები არ ჩატარდება, თუმცა ჩვენ „ქართული ოცნებისგან“ მიჩვეული ვართ პროცედურების დარღვევას, კარების ჩაკეტვას, დამალვას, გაპარვას, გაქცევას, ამიტომ ბევრ რამეს უნდა დაველოდოთ. მთავარია, რომ ოპოზიციამ სამგზის აჩვენა ერთიანობა და სამგზის გავაშიშვლეთ სისტემა, რომელიც ბოლომდე გააფარჩაკდა ხალხის თვალწინ და რომელიც მფარველობს კლანს საქართველოში. მე ვფიქრობ, მიზანი უკვე მიღწეულია, მთელმა მსოფლიომ და მთელმა საქართველომ დაინახა, ვისთან გვაქვს საქმე, ასე უნდა დავამარცხოთ ერთიანობით ეს რეჟიმი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.