„ქართული ოცნების“ ქცევა პარლამენტში მისი პოლიტიკური მარცხია, - ამის შესახებ “ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მამუკა ხაზარაძე ეხმაურება საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის მიერ მოსამართლეების მიმართ სოლიდარობის ნიშნად რეგისტრაციაზე უარის თქმას და კვორუმის არარსებობის გამო სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრის უკვე მესამედ ჩაგდებას.
“"ქართული ოცნების" ქცევა პარლამენტში არის არა მარტო კონსტიტუციისა და ამომრჩევლის უფლებების დარღვევა, არამედ სრული ლუსტრაცია იმისა, როგორ მფარველობენ სასამართლო კლანს, რომელიც "ოცნების" რიგებში წინა ხელისუფლებიდან გადმოიპორტირეს.
ეს არის "ქართული ოცნების" პოლიტიკური მარცხი. ეს არის იმის დასტური, რომ "ოცნების" მმართველობის პირობებში, ჩვენს ქვეყანას ვერ ეღირსება სამართლიანი სასამართლო. ეს არის იმის დასტური, რომ გაგრძელდება პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, ჩაწყობილი საქმეები და ბიძინას სალამურზე მოცეკვავე მოსამართლეები.
დროა, მოსამართლეებმა, რომლებიც კლანის წევრები არ არიან და რომლებისთვისაც ღირებულია ის პროფესია, რომელსაც პატიოსნად ემსახურებიან, ხმა აიმაღლონ. ქართულმა საზოგადოებამ ყველაფერი იცის. დროა, ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი!“, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
ინფორმაციისთვის, სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე არც დღეს დადგა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის პროცედურის დასაწყებად საჭირო კვორუმი უკვე მესამედ არ შედგა, საპარლამენტო უმრავლესობამ კენჭისყრის წინ მოსამართლეების მიმართ სოლიდარობის ნიშნად რეგისტრაცია ამჯერადაც არ გაიარა.