როდესაც სტანდარტს ვნერგავთ ჩვენ, მეგობრები ერთმანეთთან ურთიერთობაში, რომ შესაძლებელია გარკვეული ღონისძიებების გატარება ერთმანეთის მიმართ მტკიცებულებების გარეშე, ეს არის ძალიან ცუდი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა მოსამართლეების დასანქცირებასთან დაკავშირებით, სადაც ელჩმა განაცხადა, რომ „ჩავატარეთ ძალიან საფუძვლიანი მიმოხილვა, შევაგროვეთ ინფორმაცია (რომლის უმრავლესობა საჯაროდ ხელმისაწვდომია) იქამდე, სანამ ამას ჩავუშვებდით სისტემაში, რომელიც სახელმწიფო მდივნამდე მიდის“.
მამუკა მდინარაძის თქმით, კელი დეგნანმა საკუთარი განცხადებით, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება დაადასტურა.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლის მხრიდან მოვისმინეთ განცხადება, რომელიც ადასტურებს იმას, რაც თქვა ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის თუ კვირის წინ, რომ სახელმწიფო მდივანი გარკვეულწილად იყო ინფორმირებული, მათ შორის შესაძლებელია არასწორად, ეს ინფორმაცია დადასტურდა თავად ქალბატონი ელჩის იმ განცხადებით, რაც გუშინ გააკეთა. როგორც ჩანს, საკითხი მომზადდა საქართველოში და სახელმწიფო დეპარტამენტში ბუნებრივია ეყრდნობიან მას. ბუნებრივია ამ მომზადებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა ამ სამწუხარო გადაწყვეტილების მიღება. თუმცა თავად ამ გადაწყვეტილებაში ჩვენ ვიცით, რომ არ იყო არცერთი მტკიცებულება, ეს არის ყველაზე მეტად სამწუხარო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძემ კელი დეგნანის მიერ „ფორმულას“ დამფუძნებელზე, დავით კეზერაშვილზე გაკეთებულ განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი.
მდინარაძის თქმით, ორმაგი სტანდარტია, როდესაც მოსამართლეების მტკიცებულებების გარეშე დასანქცირების პარალელურად ელჩი დავით კეზერაშვილის შესახებ ბრალდებაზე საუბრისას მტკიცებულებებზე და სამართლიან სასამართლოზე საუბრობს.
„როცა, ერთი მხრივ, „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ რეალურ ლიდერთან დაკავშირებით კეთდება განცხადება, რომ სამართლიანი სასამართლო, მტკიცებულებები და ა.შ. ანუ პრაქტიკული დაცვა ხდება და მეორე მხრივ, მოსამართლეების დასანქციერების შესახებ ინფორმაციას იღებს საკუთარ თავზე, ოღონდ ინფორმაციაში მტკიცებულების ნასახი და ნატამალიც არ არის, ეს არის ორმაგი სტანდარტი, სამწუხაროა, რომ ამის თქმა გვიწევს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ინფორმაციისთვის, აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით „ბიბისის“ რეპორტაჟის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ „კეზერაშვილმა გაავრცელა განცხადებები, რომლებშიც უარყოფს ბრალდებებს, ცხადია, მეტი ინფორმაცია და სამართლებრივი პროცესია საჭირო, დარწმუნებული ვარ, ასე იქნება“.