ვიდრე უმრავლესობა ბოიკოტის რეჟიმშია, კანონებს ვერ მიიღებენ, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა, ვახტანგ ხმალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.
ხმალაძე გამოეხმაურა სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის გარშემო საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესებს და განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას ართმევს, რაც არის კონსტიტუციის დარღვევა.
„ვიდრე უმრავლესობა ბოიკოტის რეჟიმშია, კანონებს ვერ მიიღებენ, რადგან რეგისტრაცია თუ გაიარეს, მაშინ კანონებს კენჭიც უნდა უყარონ, მათ შორის კომისიის შექმნასაც. თუ უმრავლესობამ არ გაიარა რეგისტრაცია, მაშინ ვერ მიიღებენ ვერანაირ კანონს. თუ რეგისტრაცია გაიარეს ამასაც კენჭი უნდა უყარონ. შესაბამისად, ასეთი დილემა აქვთ: არაფერი მივიღოთ, თუ რაც გვჭირდება, ის მივიღოთ და ჯანდაბას კომისიაც შეიქმნას. ჯერჯერობით, ამ მოქმედებით ისინი არღვევენ პარლამენტისთვის დაკისრებულ კონსტიტუციურ ვალდებულებას. ე.ი. ამ ვალდებულებას პარლამენტი არ ასრულებს და ვის გამო არ ასრულებს? - საპარლამენტო უმრავლესობის მოქმედებების გამო. ამის გამო პარლამენტმა დაკარგა შესაძლებლობა, მიიღოს კანონები, განახორციელოს საპარლამენტო ზედამხედველობა.
პარლამენტი ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, ვიდრე უმრავლესობა ასეთ მოქმედებას გააგრძელებს და რასაკვირველია, ამით კონსტიტუცია ირღვევა“, - განაცხადა ხმალაძემ.
კითხვაზე, შეუძლია თუ არა ოპოზიციას აღნიშნული ქმედებები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს, ხმალაძის თქმით, გასაჩივრება შესაძლებელია თუ კონსტიტუციით დადგენილი კანონის მიღების პროცედურა დაირღვა.
„კონსტიტუციის თანახმად, დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში შესაძლებელია გასაჩივრება თუ კონსტიტუციით დადგენილი კანონის მიღების პროცედურა დაირღვა. მაგალითად, თუ ვინმემ სხვისი მანდატი გამოიყენა ხმის მისაცემად. ეს არის პირდაპირი დარღვევა და შეიძლება გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში.
ის, რაც ახლა ხდება, მე არ ვიცი ასეთი პრეცედენტი სადმე თუ მომხდარა. თუმცა, აქაც დარღვევასთან გვაქვს საქმე. პარლამენტის წევრი დარბაზში ზის და არ ტარდება რეგისტრაციაზე.
თუ საპარლამენტო უმრავლესობა აზრს არ უწევს ოპოზიციის აზრს, თუ მას საერთოდ არ აინტერესებს რას იტყვის ოპოზიცია, ამას კანონი არ კრძალავს, მაგრამ ასეთი მოქცევა ეწინააღმდეგება პარლამენტარიზმის ფუნდამენტურ პრინციპებს. პარლამენტი ეს არის ადგილი, სადაც სხვადასხვა შეხედულების ადამიანები სხედან და კამათში უნდა მიაღწიონ საუკეთესო გადაწყვეტილებას, ეს არის პარლამენტის დანიშნულება.
უმრავლესობას შეუძლია ყველა გადაწყვეტილების მიღება. ოპოზიციას, რეალურად ერთადერთი რამის გადაწყვეტა შეუძლია, ეს არის საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის შექმნა. კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ თუ 1/5 კაცი საკითხს დასვამს კომისიის შექმნის თაობაზე და ამას მხარს დაუჭერს, სულ ცოტა პარლამენტის 50 წევრი, კომისია შექმნილია. ეს არის ერთადერთი, საკითხი, როდესაც ოპოზიციას შეუძლია შექმნას კომისია“,- განაცხადა ხმალაძემ.
გარდა სამართლებრივი შეფასებისა ხმალაძემ პოლიტიკური შეფასებაც გააკეთა და აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ ეშინია იმის, რომ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ერთი ან რამდენიმე მოსამართლე ალაპარაკდეს.
„ჩემი აზრით, „ქართულ ოცნებას“ ძალიან ეშინია, რომ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შეიძლება ერთი ან რამდენიმე მოსამართლე ალაპარაკდეს“, - განაცხადა ხმალაძემ.