ჩემთვის ბრძოლის ეს რაუნდი დასრულებულია, ის დღეს დასრულდა და რა თქმა უნდა, მოგებულია, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა. ამით ახვლედიანი გამოეხმაურა პარლამენტში სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის გარშემო განვითარებულ პროცესებს.
ახვლედიანის განცხადებით, „ოცნების“ მხრიდან კონსტიტუციის გარანტირებული მოთხოვნა იქნა უარყოფილი.
„ოცნება ამ ნაწილში აშკარად, ობიექტურად, მიუკერძოებლად წაგებულია. ამჯერად ის აშკარად დამარცხდა და საქმე ისაა, რომ ორივე შემთხვევაში, როგორც მარტში, ყბადაღებული რუსული კანონის შემთხვევაში, ასევე ახლა, „ოცნება“ შეეხო უმთავრესს, საკრალურს - საქართველოს კონსტიტუციას. ორივე შემთხვევაში კონსტიტუციის გარანტირებული მოთხოვნები იქნა „ოცნების“ მიერ უარყოფილი“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
არმაზ ახვლედიანის თქმით, „ოცნება“ მზადაა, ბოლომდე გადაეფაროს კლანს, მაგრამ „კლანი“ გადაფარებულ მდგომარეობაში ჩაიძირება.
„ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს პარლამენტში, საპარლამენტო რესპუბლიკაში, ოპოზიციის ფუნდამენტური უფლება ირღვევა. ასეთი უფლება ოპოზიციას საკმაოდ ცოტა აქვს. ამ ხარისხის უფლება პრაქტიკულად არც აქვს. ეს ხომ „ოცნების" ჩაწერილია, მათი მიღებული რეგლამენტია, მათ შექმნეს ეს კონსტიტუცია და სწორედ ამ ფუნდამენტურ უფლებას ოპოზიციას ართმევენ, თან ასე უხეშად, ასე სამარცხვინოდ, მასხრად ასაგდებად მთელი სამყაროსთვის მხოლოდ იმიტომ, რომ არ გამოაშკარავდეს ის კორუფციული სქემები, გარიგებები, რომელთა მეშვეობითაც „ოცნება“ აქამდე მოგორდა. ამიტომაც გადაეფარა და მზად არის, რომ ბოლომდე გადაეფაროს კლანს. გადაეფაროს, გადაფარებულ მდგომარეობაში ჩაიძირება ეს კლანი. რა თქმა უნდა, გადაჰყვებიან, „ოცნება“ ვერ გაუძლებს დასავლეთის წნეხს, რომელიც ახლა კიდევ უფრო გაძლიერდება“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.