მზად ვართ ყველანაირ მოქმედებაზე იმისთვის, რომ არ დავაგვიანოთ ჩვენი ევროპული პერსპექტივის დაცვის საკითხში. მზად ვართ გადავიდეთ კონკრეტულ ქმედებებზე, იქნება ეს აქციები, პროტესტი თუ სხვადასხვა ფორმა, რომელმაც შედეგად ნიკა გვარამიას შეწყალება უნდა გამოიღოს, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის შეწყალების შესახებ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მოწოდება შეაფასა.
მისივე თქმით, აღნიშნული მოწოდების არგათვალისწინება საქართველოს ევროპული მომავლისთვის კიდევ ერთი ძალიან დიდი დარტყმა იქნება.
„დღეს პრეზიდენტს აქვს კიდევ ერთი დილემა და არჩევანი - ისევ წავიდეს „ქართული ოცნების“ მიმართულებით და დაუპირისპირდეს მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტულ საერთაშორისო და ადამიანის უფლებების ორგანიზაციას, თუ მიიღოს ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება და შეიწყალოს ნიკა გვარამია. ეს არჩევანი მასზეა. ეს პასუხისმგებლობა მასზეა. მე არ ვაპირებ თხოვნას და მიმართვებს მისდამი, მაგრამ მე მინდა მივმართო ყველა ორგანიზაციას, პარტიას, ადამიანს, ვინც დღეს ზრუნავს ამ კრიტიკულ მომენტში ჩვენს ევროპულ მომავალზე. დღეს არის ისევ კონსოლიდაციის და მოქმედების დრო. ჩვენ თუ დაველოდებით „ქართული ოცნების“ სხვა ნაწილების შემდეგ ახლა პრეზიდენტი როგორ დაკავდება ჩვენი ევროპული მომავლის გათელვით, ჩვენ დავკარგავთ ისტორიულ შანსს,“ - განაცხადა ხოშტარიამ.