ამბობენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მორალური უფლება არ აქვს, საგამოძიებო კომისია შექმნას. თუ საუბარი მორალზეა, მაშინ ეს ხალხი თავის დროზე სად იყო? მე მომწონს თუ არ მომწონს „ნაციონალური მოძრაობა“, მას 500 000 ამომრჩეველი ჰყავს და ამ ხალხს რა ვუყოთ? - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“, პარლამენტში სასამართლო კლანის გამოსავლენად საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.
ვახტანგ ძაბირაძე პარლამენტში შექმნილ მოცემულობას გამოეხმაურა, როცა სასამართლო სისტემის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე ვერ დგება, ვინაიდან უმრავლესობა რეგისტრაციას არ გადის და კენჭისყრის დასაწყებად საჭირო კვორუმი ვერ იკრიბება.
„ამბობენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მორალური უფლება არ აქვს, საგამოძიებო კომისია შექმნას. ყველა, ვინც ახლა პარლამენტშია, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, ან თანამშრომლობდა მასთან, ან ჩუმად იყო. ძალიან ცოტა ადამიანი იყო ისეთი, ვინც ხმამაღლა საუბრობდა. თუ საუბარი მორალზეა, მაშინ ეს ხალხი თავის დროზე სად იყო? მე მომწონს თუ არ მომწონს „ნაციონალური მოძრაობა“, მას 500 000 ამომრჩეველი ჰყავს და ამ ხალხს რა ვუყოთ? ამ ამომრჩეველმა იცოდა, რა გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მიუხედავად ამისა, მათ მაინც ხმა მისცეს ამ პარტიის დეპუტატებს. იმ არგუმენტებით, რაც პარლამენტში ტრიალებს, გამოდის, რომ არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ ყველა ის ადამიანი, ვინც მას მხარს უჭერს, ამორალურია“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
რაც შეეხება უშუალოდ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირების თაობაზე აშშ-ში მიღებულ გადაწყვეტილებას, პოლიტოლოგის აზრით, პროცესი მხოლოდ ოთხი მოსამართლის დასანქცირებით არ დასრულდება და როგორც ჩანს, პარტნიორები ცდილობენ, ქართული პოლიტიკური სივრცე ოდიოზური პერსონაჟებისაგან გაწმინდონ.
„კომისიის შექმნა ხელისუფლებისთვის საკმაოდ სახიფათოა. „ქართულ ოცნებას“ უწევს სახელისუფლებო ვერტიკალს გაუფრთხილდეს. თუ სხვადასხვა სახელისუფლებო ორგანო ჩათვლის, რომ მთავრობა სუსტდება და კომპრომისებზე მიდის, ვერტიკალი შიგნიდან დაირღვევა. სახელისუფლებო ვერტიკალი მარტის მოვლენებმაც საკმაოდ შეარყია და ახლა მის კვლავ გამყარებას ცდილობენ.
ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე არაერთხელ იყო, მაგრამ ორი დაპირისპირებული მხარე მაინც თანხმდებოდა და რაღაც კომპრომისებს აღწევდა, თუმცა დღეს კომპრომისები თითქმის შეუძლებელია. პროცესი მხოლოდ ოთხი მოსამართლის დასანქცირებით არ დასრულდება. კიდევ იქნება სხვა ფაქტორები იქნება. როგორც ჩანს, ჩვენი პარტნიორები ცდილობენ, ქართული პოლიტიკური სივრცე ოდიოზური პერსონაჟებისაგან გაწმინდონ. გარდა ამისა, მარტის აქციებზე გამოჩნდა ისიც, რომ რაღაც სხვა ძალა იზრდება. როგორც არ უნდა დაიბრალოს ნებისმიერმა პარტიამ, რომ ეს ხალხი თავად გამოიყენა, სიმართლე არ იქნება“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.