ირაკლი კობახიძე - საქართველო დღეს არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს - ხელისუფლებას ვეღარავინ კარნახობს და აიძულებს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმას

2012 წელს, უმძიმესი დემოკრატიული უკუსვლის 9-წლიანი პერიოდი უწყვეტი დემოკრატიული წინსვლის 11-მა წელიწადმა ჩაანაცვლა - საქართველო დღეს არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარტიის დაფუძნებიდან 11 წლისთავთან დაკავშირებით აცხადებს.

ირაკლი კობახიძის განცხადებას "ქართული ოცნება" ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ,„ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის საქართველოს პირველი ხელისუფლება, რომლის პირობებშიც ქვეყანას ომი არ ჰქონია.

მისივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას ვეღარავინ კარნახობს და აიძულებს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ იქნება მიმართული.

„დღეს „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 11 წელი შესრულდა. ეს 11 წელიწადი რამდენიმე ძირითადი მიღწევით შეიძლება დახასიათდეს:

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის საქართველოს პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც, ქვეყანას ომი არ ჰქონია. ამასთან, უწყვეტი მშვიდობა „ქართულმა ოცნებამ“ რეგიონში არსებული ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარების პირობებში შეინარჩუნა. ამ მხრივ, განსაკუთრებით რთული იყო გასული წელიწადი, როდესაც საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის უშუალო საფრთხე შეექმნა, თუმცა, უმძიმესი წნეხის მიუხედავად, ხელისუფლება ამ გამოწვევასაც ღირსეულად გაუმკლავდა და უმკლავდება.

2012 წელს, უმძიმესი დემოკრატიული უკუსვლის 9-წლიანი პერიოდი უწყვეტი დემოკრატიული წინსვლის 11-მა წელიწადმა ჩაანაცვლა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2012 წელს წარსულს ჩააბარა უმძიმესი ავტორიტარული რეჟიმი, ადამიანების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკა, ბიზნესის რეკეტი, მონოპოლიზებული მედია, პოლიტიკურ კონტროლს დამორჩილებული სასამართლო და უამრავი სხვა მანკიერება. დღეს საქართველოში დაცულია ადამიანის უფლებები, აღიკვეთა ადამიანების წამება და არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესი თავისუფალია, როგორც არასდროს, დაცულია სასამართლოს დამოუკიდებლობა, უზრუნველყოფილია მედიაპლურალიზმი;

2012 წლიდან დღემდე, საქართველოს ჰქონდა ყველაზე ხელშესახები წინსვლა ევროპული ინტეგრაციის გზაზე. საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროკავშირთან და მიიღო უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. შარშან ევროკავშირმა ოფიციალურად აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, წელს კი, სამართლიანი გადაწყვეტილების პირობებში, ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსსაც მიიღებს;

2012 წელს საქართველო ეკონომიკური განვითარების სწორ გზას დაადგა. გასული 11 წლის განმავლობაში, ქართულ ეკონომიკას ორ გლობალურ და რეგიონულ ეკონომიკურ კრიზისთან მოუწია გამკლავება. პირველი, ეს იყო რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე ეკონომიკური და სავალუტო კრიზისი, ხოლო მეორე - კოვიდიდან გამომდინარე ეკონომიკური კრიზისი 2020 წელს. თუმცა, რეალური ეკონომიკური თავისუფლების დამკვიდრების, ბიზნესის რეკეტის აღკვეთისა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში, საქართველომ სირთულეები წარმატებით დაძლია. ზედიზედ ბოლო ორი წლის განმავლობაში კი, საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, ლარის კურსი 3,45-დან 2,50-მდე შემცირდა, 60-დან 38 პროცენტამდე შემცირდა ქვეყნის საგარეო ვალი. მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად, 2012 წლიდან დღემდე, ქვეყანაში ნახევარმა მილიონმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე - 1,150,000-დან 650,000-მდე შემცირდა სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანების რაოდენობა. უკვე წელს, საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 8 ათასი დოლარი გახდება, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, 2030 წლისთვის 15 ათას დოლარს მიაღწევს, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს საშუალოვადიან პერსპექტივაში ევროკავშირის მთელი რიგი ქვეყნების ტოლფასი ეკონომიკა ექნება;

ფუნდამენტურად შეიცვალა სახელმწიფოს მიდგომა სოციალური პოლიტიკისადმი. დაინერგა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, არსებითად გაფართოვდა სოციალური დახმარების პაკეტები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, აღიკვეთა სოციალური დახმარების პოლიტიკური ინტერესების მიხედვით განაწილების პრაქტიკა;

საქართველო დღეს არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. ხელისუფლებას ვეღარავინ კარნახობს და აიძულებს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ იქნება მიმართული. ხელისუფლება მოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების კარნახით და ამ ინტერესების ხარჯზე კომპრომისს არასოდეს დაუშვებს, მომავალშიც განუხრელად დაიცავს სამშობლოს, ეკლესიას და ეროვნულ ფასეულობებს;

მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის შემოქმედს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. სწორედ მისი ღირებულებების და მის მიერ დამკვიდრებული და გუნდისთვის დატოვებული პრინციპების შედეგია ყველა ის ფუნდამენტური მიღწევა, რომელიც გასული 11 წლის განმავლობაში საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას უკავშირდება. დარწმუნებული ვარ, ამ ღირებულებებითა და პრინციპებით, ჩვენი პოლიტიკური გუნდი და, მისი მმართველობით, ჩვენი ქვეყანა განაგრძობს შეუქცევად და თანმიმდევრულ წინსვლას დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გზაზე“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი