შეიძლება აქციებიც ჩატარდეს, თუმცა მთავარი ბრძოლის ველი დღეს გადის პარლამენტში, საგამოძიებო კომისიის საკითხი დღის წესრიგიდან ვერ მოიხსნება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აქციების ჩატარებასთან დაკავშირებით, ოპოზიციაში კონსულტაციები ჯერ არ ყოფილა.
„ბუნებრივია, საპარლამენტო ოპოზიცია გააგრძელებს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნას, როგორ მოხდება ამ მოთხოვნების ჩამოყალიბება და რა საპარლამენტო გზებს გამოვიყენებთ, რომ ეს საკითხი კვლავ აქტუალური იყოს, იქნება კონსულტაციები ამაზე საპარლამენტო ოპოზიციაში და შევთანხმდებით. ფაქტია, ეს საკითხი დღის წესრიგიდან ვერ მოიხსნება, რადგან სახელმწიფოს ინტერესი გადის იმაზე, რომ დღეს ქვეყანაში შეიქმნას სასამართლო "კლანთან" მიმართებით საგამოძიებო კომისია. აქციებთან დაკავშირებით ჯერ კონსულტაციები არ გამართულა, ბუნებრივია, აქცია თვითმიზანი არ იქნება. საგამოძიებო კომისიის შექმნის პროცესს მართვა სჭირდება, ბუნებრივია, შეიძლება სხვადასხვა პოლიტიკური გზები იქნას გამოყენებული, მათ შორის, შეიძლება აქციებიც ჩატარდეს, თუმცა, მთავარი ბრძოლის ველი დღეს გადის პარლამენტში, პარლამენტმა უნდა აიღოს ეს პასუხისმგებლობა და რაც მთავარია, „ქართულ ოცნებას“ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა, რომ მფარველები არიან სასამართლოში "კლანის“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.