რადიკალური ოპოზიცია საქართველოში ვერც არეულობას მოაწყობს და მით უმეტეს, ვერც რევოლუციას, მათ გეგმებს აღსრულება არ უწერია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მან მარტის აქციებთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ მომხდარი არეულობა არა იმპროვიზაცია, არამედ რადიკალური ოპოზიციის მიერ წინასწარ მომზადებული სცენარი იყო და სწორედ ამიტომ იცავენ ისინი იმ ადამიანებს, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილებს“ ისროდნენ და პოლიციელებს წვავდნენ.
„როდესაც რადიკალური ოპოზიცია პირდაპირ მხარდაჭერას უცხადებს იმ ადამიანს, რომელიც პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილს ესროდა, პოლიციელებისთვის ცეცხლის წაკიდებას ცდილობდა და სხვა აგრესიული მოქმედებებით იყო გამორჩეული, აქედან მჟღავნდება, რომ სინამდვილეში, მთელი ამ სცენარის უკან რადიკალური ოპოზიცია დგას. ეს არ არის კონკრეტული ადამიანების მხრიდან იმპროვიზაცია. ესენი იყვნენ რადიკალური ოპოზიციის მიერ დატრენინგებული ადამიანები, რომლებიც პირდაპირ აწყობდნენ არეულობას თბილისის ცენტრში“, - განაცხადა კობახიძემ.