„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, გიგი წერეთლის განცხადებით, სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ პარტიის დაფუძნებიდან 11 წლისთავს „კიდევ უფრო გამძაფრებული გზავნილებით ხვდება ოპონენტების საწინააღმდეგოდ, ხოლო ივანიშვილისთვის ჩვეული მადლობებით“.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება თავისი მდგომარეობის გახანგრძლივებას მხოლოდ და მხოლოდ პოპულიზმითა და ამგვარი ტიპის „მესიჯებით“ აპირებს, რაც საქართველოს მომავალთან შეუთავსებელია.
„ყველაზე დიდი მიღწევა, რაც ხელისუფლებას შეიძლება ჰქონდეს, არის ტრაბახში იმ საოცარი ვითარებით, რომელიც თითქოს არის ქვეყანაში, არადა რეალურად ქვეყანაში სხვა მდგომარეობაა. რადგან მეც ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, ამ 11 წელს ჩვენ ვხვდებით შეუდარებლად მაღალი დონის კრიტიკით მთელი მსოფლიოსგან, სანქცირებული მოსამართლეებით, ძალიან ბევრი მიმართულებით უკიდურესი სიღარიბით (ახლახან იყო ბავშვებზე კვლევა) და ა.შ. ეს არის ხელისუფლება, რომელიც თავისი მდგომარეობის გახანგრძლივებას მხოლოდ და მხოლოდ პოპულიზმითა და ამგვარი ტიპის „მესიჯებით“ აპირებს, რაც ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად შეუთავსებელია იმ კურსთან და მომავალთან, რომელიც საქართველოს სჭირდება და მის საზოგადოებას სურს“,- განაცხადა გიგი წერეთელმა.