ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი არის ის საკვანძო საკითხი, რაც მოგვიტანს თავისუფლებას და დაგვიბრუნებს განცდას, რომ საზოგადოებას ეკუთვნის სასამართლო, - ასე გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ლაზარე გრიოგირადისისა და თორნიკე აკოფაშვილის საქმეებზე ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გავრცელებაზე მოთხოვნას.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, სისხლის სამართის საქმეებზე ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის დანერგვა რეალური დამოუკიდებლობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელია.
„ამ ვითარებაში, როცა საქმე ეხება ლაზარეს, რომლის დემონიზებისთვის ამაზრზენი კამპანია აწარმოა „ქართულმა ოცნებამ“, ასევე, თორნიკეს, რომელიც ასევე ბრალდებულია, ადამიანი, რომელიც ჩვენს ჯარში იყო და შემდეგ იბრძოდა უკრაინაში. ამ ორი ადამიანის საქმეებთან დაკავშირებით, ყველაზე ადეკვატური და ლოგიკური ნაბიჯი, თუ იარსებებს ნება, არის ის რომ ისინი განსაჯონ ჩვენმა მოქალაქეებმა - ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტით.
ამისთვის იმ პეტიციაში, რომელიც თავისუფლების ინსტიტუტმა გაავრცელა, ყველა ნაბიჯი არის გაწერილი, მხოლოდ პოლიტიკური ნება არის საჭირო.
საერთაშორისოდ სანქცირებულმა სამარცხვინო სისტემამ რომ არ განსაჯოს, რომელსაც ნდობა ნულის ტოლი აქვს, არამედ ჩვენმა მოქალაქეებმა და ამ ისტორიულმა ინსტიტუტმა, რომელზეც ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძე ამბობდა, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი არის სანატრელი ჩვენი საზოგადოებისთვის, როცა ერის სინდისი მსაჯულობს და არა ჩინოვნიკისაო,“ - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.