2015 წლიდან დაიწყო ფესვების გადგმა უფრო სიღრმისეულად, მაგრამ ვიდრე ჩვენ იქ ვიყავით, მურუსიძე ვერაფერს ბედავდა,- ამის შესახებ ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეას“ თავმჯდომარემ, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
თინა ხიდაშელის განმარტებით, 2015 წელს მოსამართლე ლევან მურუსიძემ „ქართულ ოცნებაში“ მასთან დაპირისპირებულ ჯგუფს აჯობა და საბოლოოდ ბიძინა ივანიშვილის მთავარი საყრდენი გახდა.
„ერთადერთი რეაგირება, რაც დააკლდა პროცესს, იყო ის, რომ 2015 წელს მურუსიძის გამო ჩვენ წავსულიყავით კოალიციიდან, სხვა არაფერი არ დაგვიკლია პროცესისთვის. მე ბევრჯერ მითქვამს, რომ იმ მომენტში, იმ პროცესში მურუსიძემ გვაჯობა ჩვენ, მის გარშემო უფრო მაღალი ხარისხის კონცენტრაცია მოხდა პარტია „ქართული ოცნების“, ვიდრე ჩვენს გარშემო, ჩვენი პოზიციების გარშემო. ჩვენ პარლამენტში ათი ხმა გვქონდა და იმ ათ ხმას საით მივცემდით, არავითარი მნიშვნელობა ამას არ ჰქონდა. 2015 წლიდან დაიწყო ფესვების გადგმა უფრო სიღრმისეულად, მაგრამ სანამ ჩვენ იქ ვიყავით, მურუსიძე ვერაფერს ვერ ბედავდა. მურუსიძე იყო იქ, სადაც უნდა ყოფილიყო, მას ადგილი ჰქონდა მიჩენილი, მაგრამ მისი დიდი შემობრუნებით, თუ მეორედ მოსვლით, რაც გინდათ ის დავარქვათ, სრულიად ერთმნიშვნელოვანი იყო, რომ ეს მეორედ მოსვლა იმას ემსახურებოდა, რომ კი ბატონო, ერთი ორი წელი არაფერს არ წყვეტდა, მაგრამ ხვალ და ზეგ ის ხდებოდა ბიძინა ივანიშვილის მთავარი საყრდენი. ჩვენ ამას ვებრძოდით, ვებრძოდით საჯაროდ“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
თინა ხიდაშელის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილს პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ ჰქონდა შეთავაზება, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნილიყო მართლმსაჯულების დანაშაულების შესახებ, თუმცა მალევე გადაიფიქრა და განაცხადა, რომ ამ საქმეს პროკურატურა გააკეთებდა, რომელსაც თეა წულუკიანი კურირებდა.
„არჩევნების შემდეგ, უკვე პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბევრ სხვა საკითხთან ერთად თქვა, რომ აი, იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რისთვისაც წლების განმავლობაში ხალხი ქუჩაში იდგა და სამართალს ვერ პოულობდა, თინა გააკეთებს პარლამენტში საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას, რომლის წინაშეც ყველა ის ადამიანი წარდგება, მტკიცებულებები მოგროვდება, ეს უფრო ფართომასშტაბიანი პროცესია. ეს საკითხი იწელებოდა. როდესაც ყველაფერი დასრულდა, პარლამენტის ფრაქციებიც ფორმირდა, ფორმალური პროცესები დასრულდა და საკითხი დადგა ერთ-ერთ პოლიტსაბჭოზე, რომ ახლა რას ვშვრებით? იქ ბიძინა ივანიშვილმა უკვე დაიწყო იმაზე საუბარი, რომ იქნებ არ გვჭირდება. ჩემს კითხვაზე, რატომ? ალტერნატივა რა არის, სხვა გეგმა გაქვთ? პასუხი იყო, რომ ჩვენ ხომ ახლა ხელისუფლებაში მოვედით და თეა ხომ კურირებს პროკურატურას, მაგ საქმეს პროკურატურაც ხომ გააკეთებსო“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
თინა ხიდაშელმა მოსამართლეებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „როგორც მარტის მოვლენების დროს ხელისუფლებაზე უპრეცედენტო ზეწოლა განხორციელდა და ბოლოს მოუწიათ კანონის უკან წაღება, ზუსტად ასევე უნდა მოხდეს".