საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 24 აპრილს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს (FAC) სხდომის ფარგლებში, შეხვედრას დაესწრება.
საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრას ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან და წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად დაესწრება.
„შეხვედრის ფარგლებში, მხარეების მიერ განხილვის მთავარი თემა ევროკავშირის გაფართოება და საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა იქნება; ამასთან, განხილული იქნება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, ასევე აქცენტი გაკეთდება ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე.
ლუქსემბურგში ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრა კოლეგა მინისტრთან“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, ორშაბათს მიწვეული ვარ ლუქსემბურგში. შესაძლებლობა მექნება საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ფორმატში [მივიღო მონაწილეობა], სადაც წარმოდგენილია ვიცე-პრეზიდენტი ბორელი, რომელიც ხელმძღვანელობს ამ საბჭოს და ასევე, ევროკავშირის წევრი ქვეყნის 27 საგარეო საქმეთა მინისტრი. ეს ნამდვილად არის უნიკალური შესაძლებლობა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს გავუზიაროთ ის კონკრეტული შედეგები, რომელიც საქართველომ 12 პუნქტის შესრულების მიმართულებით გადადგა, ის კონკრეტული გეგმები, რაც გვაქვს იმისთვის, რომ საბოლოოდ დავასრულოთ მუშაობა ამ რეკომენდაციებზე. სწორედ ამაზე ვისაუბრებ ორშაბათს საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რომლებიც ლუქსემბურგში იქნებიან “, - განაცხადა დარჩიაშვილმა.