მაქვს მტკიცე რწმენა, რომ არ იქნება არც ერთი საკითხი, რომელთან მიმართებაშიც შეიძლება საქართველოს წინაშე წარდგენილი იყოს პრეტენზია, რომ რაღაც არ არის შესრულებული. საქართველო შეასრულებს აბსოლუტურად ყველა რეკომენდაციას, გარდა ერთისა, რომელიც არის დეპოლარიზაცია, თუმცა ფაქტია, რომ აქ მთავარ პრობლემას რადიკალური ოპოზიცია წარმოადგენს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს, რათა საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.
„ხელისუფლებამ 2022 წლის ივნისში გამოაცხადა ძალიან კონკრეტული გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა სწრაფ და ეფექტიან აღსრულებას იმ რეკომენდაციებისა, რომელიც ჩვენ მივიღეთ. ამ გეგმას ჩვენ მივყვებით, შედეგები უკვე ძალიან მნიშვნელოვანი გვაქვს, პრაქტიკულად რეკომენდაციებიდან უმრავლესობა არის შესრულებული. არის რამდენიმე რეკომენდაცია, რომელთან დაკავშირებითაც გვაქვს კომუნიკაცია ვენეციის კომისიასთან, თუმცა ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ კომუნიკაციაში ვენეციის კომისიას ვთხოვთ, რომ სწრაფად მოგვაწოდონ მათი პოზიციები და ივნისში ჩვენ შევძლოთ ამ გადაწყვეტილებების მიღება. აქედან გამომდინარე, მე მაქვს მტკიცე რწმენა, რომ არ იქნება არც ერთი საკითხი, რომელთან მიმართებაშიც შეიძლება საქართველოს წინაშე წარდგენილი იყოს პრეტენზია, რომ რაღაც არ არის შესრულებული. საქართველო შეასრულებს აბსოლუტურად ყველა რეკომენდაციას, გარდა ერთისა, რომელიც არის დეპოლარიზაცია, თუმცა ფაქტია, რომ აქ მთავარ პრობლემას წარმოადგენს რადიკალური ოპოზიცია და რადიკალიზმის ერთ-ერთი ყველაზე სამწუხარო და მოღალატეობრივი გამოხატულება არის ის, რომ ისინი ყოველდღიურად მოქმედებენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, რათა საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მათ მიზანს წარმოადგენს მხოლოდ ერთი რამ - ებრძოლონ ხელისუფლებას და ამ შემთხვევაში არ ამოძრავებთ არანაირი სახელმწიფო ინტერესი“, - განაცხადა ჩიქოვანმა.