არა ვართ ბოიკოტში! - როდესაც გადაწყვეტილების მიღებას ღიად უშლი ხელს, ამას ბოიკოტი ჰქვია?! - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ გასული კვირის პლენარულ სხდომებზე უმრავლესობის მიერ რეგისტრაციის არგავლის შესახებ დასმულ შეკითხვას, რის შედეგადაც კენჭისყრის პროცედურა სამჯერ ჩაიშალა.
როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, მმართველმა გუნდმა ამ გზით ღიად და შეგნებულად შეუშალა ხელი სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას.
"დამალულად კი არ გვქონდა მცდელობა იმისა, რომ რაღაცისათვის ხელი შეგვეშალა, არამედ კონკრეტული პოზიცია ღიად გამოვხატეთ და ვთქვით, რომ პოლიტიკური მავნებლობაა, როდესაც ადამიანები კონსტიტუციის ნების საწინააღმდეგოდ ცდილობენ, რომ მოსამართლეები დაიბარონ და ანგარიში მოსთხოვონ. ეს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პრინციპის დასამარება იქნება.
რა საკვირველია, ვერც ერთ შემთხვევაში ამხელა პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ და ვერ შევქმნით საფრთხეებს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის მიმართ. ამიტომ სრულიად გახსნილად, სრულიად შეგნებულად ვდგამთ ნაბიჯებს იმ მიმართულებით, რომ არც ერთ ავანტიურისტს არ მიეცეს საშუალება იმისა, რომ გააფუჭოს საქმე, რასაც სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა ჰქვია.
კი, დღეს გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო, რაც სამწუხაროდ, 11 წლის წინ არ გვქონდა. სასამართლო ხელისუფლების მიმართულებით სრულიად სხვა საკითხებსა და გამოწვევებზეა სამუშაო და არა იმაზე, რისი სურვილიც ოპოზიციას აქვს", - განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ სარჯველაძემ.
როგორც ცნობილია, გასულ კვირას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის პროცედურის დასაწყებად საჭირო კვორუმი სამჯერ არ შედგა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა კენჭისყრის წინ საჭირო რეგისტრაციის პროცედურა სამ პლენარულ სხდომაზე არ გაიარეს. შედეგად კენჭისყრის პროცესი სამჯერვე ჩაიშალა, მათ შორის კენჭი ვერ ეყარა მოსამართლეებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს.
ამასთან, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დეპუტატის მიერ პლენარულ სხდომაზე რეგისტრაციის არგავლა, მის დასანქცირებას იწვევს. რეგლამენტით გათვალისწინებული ეს პასუხისმგებლობა პარლამენტის წევრს კალენდარული თვის განმავლობაში ოთხზე მეტი რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში ეკისრება. დეპუტატი მხოლოდ იმ შემთხვევაში არ სანქცირდება თუ პოლიტიკური შეხედულებების გამო პარლამენტის სხდომას პოლიტიკურ ბოიკოტს უცხადებს.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, თუ პარლამენტის წევრი პლენარული სხდომის დღის განმავლობაში რომელიმე რეგისტრაციას არ გაივლის, მას თითოეულ ასეთ შემთხვევაში ხელფასის 5% (მაგრამ არაუმეტეს დღის განმავლობაში 10%-ისა) დაუკავდება.