კონკრეტული ადამიანის სიიდან ამოღება ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე მოხდა, თუმცა საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა არ მომხდარა, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რითაც პარტიის ბათუმის ორგანიზაციის წევრების განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც გიორგი ბოტკოველმა აღნიშნა, ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა, რაც ყველა პარტიაში ხდება.
მისივე თქმით, მსგავსი გადაწყვეტილება მიუღია წინა მენეჯმენტსაც და იმის წინა მენეჯმენტსაც.
„ეს არის პროცედურა, რომელიც არის ჩვეულებრივი, არავის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არავისთვის არ შეუწყვეტია. ასეთი გადაწყვეტილება მიუღია პარტიის წინა მენეჯმენტსაც, იმის წინა მენეჯმენტსაც და ეს ნებისმიერ პარტიაში არის ჩვეულებრივი პროცესი, როდესაც კონკრეტული ადამიანის ამოღება ხდება სიიდან.
ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უფრო მეტად საინტერესო ის არის, რომ ადამიანები, რომლებიც პარტიის ლანძღვით არიან მხოლოდ დაკავებულები და პარტიის დაგეგმილ ღონისძიებებში არ ერთვებიან, ყოველთვის ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება პარტიის რაიონული ორგანიზაციის საფუძველზე და ამ შემთხვევაშიც ესე მოხდა. ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე მოხდა კონკრეტული ადამიანის სიიდან ამოღება და არა, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა. აქვე დავამატებ, რომ პარტიაში არანაირი ფლანგები არ არსებობს, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთი ჯანსაღი ნაწილი, რომლის ფლანგებად დაყოფა ჩემთვის არის მიუღებელი“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის წევრების განცხადებით, ბათუმის საკრებულოში ლაშა კილაბერიას ადგილმონაცვლეების სიიდან ნიკა მელიას მხარდამჭერები ამოიღეს. მათივე განცხადებით, გადაწყვეტილება ლევან ხაბეიშვილმა მიიღო.