იმის ნაცვლად, რომ ოპოზიციამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს 12 პუნქტის შესრულების პროცესში, ისინი ცდილობენ ვექტორები სხვა მიმართულებით გადაიტანონ, თუმცა, ეს არის ფუჭი მცდელობა და არანაირი პერსპექტივა არ აქვს, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსთვის უმთავრეს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს 12 რეკომენდაციის მაღალი სტანდარტით შესრულება და რადიკალური ოპოზიციისგან განსხვავებით, მმართველი გუნდისთვის ეს ასეც არის.
როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, რეგლამენტი პირდაპირ მიუთითებს, რა შემთხვევებშია დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის სამართლებრივი საფუძველი.
„თუ ოპოზიციას დავუჯერებთ, პარლამენტი უნდა იყოს არა კანონშემოქმედებითი და ზედამხედველობის განმახორციელებელი, არამედ მათი ბოლო მცდელობებია, რომ პარლამენტი გარდაქმნან ერთგვარ საგამოძიებო უწყებად. რეგლამენტი მკაცრად და პირდაპირ მიუთითებს, თუ რა შემთხვევებში არის სამართლებრივი საფუძველი იმის, რომ შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია.
დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე კონკრეტული ინიციატივა იმის მცდელობაა, რომ გარკვეულ საკითხებზე გადაიტანონ აქცენტები და რაღაცნაირად ეს პროცესი დაუკავშირონ ხელისუფლებას, თუმცა ეს არის მცდარი და ფუჭი მცდელობები იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებისთვის აბსოლუტურად გასაგებია და არა მხოლოდ ჩვენი საზოგადოება, არამედ მთელი მსოფლიო ინფორმირებულია იმის შესახებ, თუ რა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით მომზადდა BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება. ეს ეფუძნებოდა გერმანელი და ქართველი სამართალდამცავების ერთობლივ მუშაობას და გამოძიებულ ფაქტებს. ოპოზიციის მცდელობები კიდევ მიუთითებს იმაზე, რომ ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს გარკვეული ინტერესები აქვს, რომ აქცენტები სულ სხვა მიმართულებაზე გადაიტანოს მაშინ, როცა მთელი ევროპა, პარტნიორები მოგვიწოდებენ, რომ მაქსიმალური ინკლუზიურობით მოხდეს იმ პროცესის დასრულება, რომელიც დასკვნით ფაზაშია გადასული“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.