მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს სამიტზე გარკვეული გადაწყვეტილებები იქნას მიღებული იმისთვის, რომ უფრო მეტი პროგრესი იყოს შესაძლებელი, მათ შორის, საქართველოსთვის ნატო-ში ინტეგრაციის მხრივ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ისლანდიის პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის დროს, ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობები და ასევე, ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერა განიხილეს.
„როგორც იცით, მალე იმართება ნატო-ს სამიტი და მნიშვნელოვანია, რომ ამ სამიტზე გარკვეული გადაწყვეტილებები იქნას მიღებული იმისთვის, რომ იყოს უფრო მეტი პროგრესი შესაძლებელი, მათ შორის, საქართველოსთვის ნატო-ში ინტეგრაციის მხრივ. გარდა ამისა, ზოგადად, საპარლამენტო ურთიერთობები, რომელიც ჩვენ ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბდა, ძალიან ინტენსიურია. ჩვენი დელეგაცია საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით შარშან ისლანდიაში იმყოფებოდა. წელს ისლანდიის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი იგეგმება. ასე რომ მნიშვნელოვანია ეს ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდეს და გაძლიერდეს იმისთვის, რომ ისლანდიის კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა გვქონდეს სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებში,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მან ასევე, ჩეხეთის რესპუბლიკაში ვიზიტზე ისაუბრა, სადაც ევროკავშირის პარლამენტების სპიკერების ყოველწლიურ კონფერენციასთან დაკავშირებით იმყოფება და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ფორმატში საქართველოც მონაწილეობს.
„როგორც იცით, ეს გახლავთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენცია, სადაც მიწვეული ვართ არა მხოლოდ როგორც მონაწილე, გარდა ამისა გვექნება შესაძლებლობა, რომ მივმართო კონფერენციას. ასეთი კონფერენციები იძლევა შესაძლებლობას, რომ შეხვედრებიც გაიმართოს კოლეგებთან. ჩვენ შეხვედრები გვექნება საფრანგეთის, ისლანდიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარეებთან, სადაც ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე გვექნება საუბარი.
მნიშვნელოვანი თვითონ კონფერენციის თემატიკა, რომელიც ეხება ერთის მხრივ, რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, დემოკრატიზაციის პროცესს მთელ მსოფლიოში. ასე რომ, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს ევროპელ კოლეგებთან მსჯელობა და აზრთა გაცვლა გვექნება,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.