მინდა მივმართო ყალბ, ფარისეველ პოლიტიკოსებს, ყოველგვარი ამორალური ქმედება დაასრულონ, ნუ იყენებენ ამ ადამიანებსა და მათ მშობლებს ვიწროპარტიული ინტერესებისთვის! - აქ თანხაზე არ არის საუბარი! - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობას ამ საკითხის მოსაგვარებლად სჭირდება დრო და ნაკლები ემოციები, რათა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებს წამლის მიცემით უარესი შედეგი არ დაუდგეთ.
„მინდა მივმართო ასევე ყალბ, ფარისეველ პოლიტიკოსებს, ყოველგვარი ამორალური ქმედება დაასრულონ, ნუ იყენებენ ამ ადამიანებს, ნუ იყენებენ ამ ადამიანების მშობლებს ამ ვიწროპარტიული ინტერესებისთვის. ბოლო დღეების განმავლობაში, იყო საუბარი იმაზე, რომ ბავშვებს დახმარება სჭირდებათ და ა.შ. ჩვენ 465 მლნ ლარი გამოვყავით წელს იმისთვის, რომ ყოველ სოციალურად დაუცველ ბავშვს, 230 ათას ბავშვს, თვეში, ყოველთვიურად მივცეთ 200 ლარი. ამისთვის გამოყოფილია 465 მლნ ლარი. მინდა ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს, რომლებიც ამ კამპანიაში არიან ჩართულები, შევახსენო 2012 წლამდე იყო ნული დაფინანსება ამ მიმართულებით. არავის ახსოვდა არც ბავშვები და არც იშვიათი დაავადების მქონე ადამიანების დაფინანსება. 2012 წლიდან დღემდე 11 მლნ სამედიცინო შემთხვევა დავაფინანსეთ, სამ მილიონზე მეტი ბენეფიციარის და ამაში 7 მლრდ ლარი დახარჯა სახელმწიფომ. 2012 წლამდე ასეთი პროგრამის დასაფინანსებლად ბიუჯეტი იყო 145 მლნ ლარი. არათუ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დახმარება და მკურნალობაზე იყო საუბარი, ადამიანებს გადაუდებელი ოპერაციების დასაფინანსებლად ბინებისა და ავტომობილების გაყიდვა უწევდათ. ძალიან ბევრი ვერ ახერხებდა მკურნალობის მიღებასა და გადაუდებელი ოპერაციის ჩატარებას. ბევრი ლეტალური, ფატალური შედეგით სრულდებოდა. ეს ადამიანები რომლებიც ასე უპასუხისმგებლოდ ექცეოდნენ ჩვენს მოქალაქეებს, დღეს, თურმე, ძალიან ღელავენ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებზე. ეს ხომ ფარისევლობაა, ეს ხომ სიყალბეა. ასევე, მინდა გამოვეხმაურო დიაბეტის მქონე ბავშვების პროგრამას. ჩვენ 30 მლნ ლარამდე ვაფინანსებთ ყველა დიაბეტიან ბავშვს. ჩვენ ყველაფერს ვაფინანსებთ სრულად და შემოვიტანეთ მონიტორინგის სისტემა, რომელიც მუდმივად ზომავს გლუკოზის დონეს ბავშვებში. მაქსიმუმს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია. რა თქმა, უნდა მიუღებელია დეზინფორმაცია და კრიტიკა, რომელიც ამ დღეების განმავლობაში ხდება. ჩვენ არცერთ მოქალაქეს არ დავტოვებთ ყურადღების გარეშე და რაც საჭიროა, მაქსიმუმს გავაკეთებთ, მაგრამ გვჭირდება დრო და ამას სჭირდება ნაკლები ემოციები. მესმის ყველა ადამიანის და მითუმეტეს, იმ ადამიანების, რომელთა შვილებიც არიან ამ მძიმე დიაგნოზით. ჩვენ მათ გვერდში ვიქნებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც საჭიროა. თანხაზე არ არის საუბარი, მინდა ყველა მშობელმა იცოდეს! საუბარია იმაზე, რომ ეს პროცესი სწორად იმართოს. და ჩვენ ამ წამლის მიცემით რაღაც დიდი უბედურება არ დავმართოთ ადამიანს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.