პარლამენტში ინიცირებული ყველა საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი უნდა „გაცოცხლდეს“ - ჩვენ ჩვენი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა უნდა მოგვეცეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განუცხადა.
დეკანოიძე ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას მხარს უჭერს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებას კითხვებზე პასუხი გაეცეს. არსებობს ამხელა სქემები, ამხელა “ჰაბი“, რომელიც ორგანიზებული ტრანსნაციონალური დანაშაულია და მასზე კონკრეტული პასუხები უნდა მოვისმინოთ. აქამდე ვერც ერთ საკითხზე კონკრეტული პასუხი ვერ მოვისმინეთ, თუ ვინ არიან ადამიანები, ვინც მფარველობდა, ვინც დანაშაულის სქემებს აწყობდა. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას საფუძვლად საზოგადოებაში არსებული ინტერესი უნდა დაედოს. ზოგადად, პარლამენტში საგამოძიებო კომისიები უნდა მოქმედებდეს. ვფიქრობ, ყველა საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა უნდა “გაცოცხლდეს“. კარგი იქნება თუკი ჩვენი კოლეგები მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას დაუჭერენ მხარს. ასევე, მნიშვნელოვანია 5 ივლისის საქმისა და აფგან მუხთარლის საქმის კომისიების შექმნა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ცნობისთვის, პარტია „საქართველოსთვის“ გამოდის ინიციატივით, პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეს შეისწავლის.